ჯანდაცვის ასოციაციამ, რომელშიც 117 სამეციდინო დაწესებულება ერთიანდება, ჯანდაცვის ახალ მინისტრს მიმართა იმ საკითხების განხილვის გაგრძელების თხოვნით, რომელთა გარშემო მუშაობა წინა მინისტრის დროს დაიწყო. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში, ტარიფებთან დაკავშირებით კომუნიკაციის შედეგად მხარეები მიუახლოვდნენ იმ ალგორითმს, რომლითაც ტარიფები უნდა დაანგარიშდეს. როგორ გაგრძელდება ეს სამუშაო – ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იქნება განხილული.
ასოციაცია განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2022 წელს გაფართოებული შემადგენლობით იწყებენ.
„მომდევნო თვეებში გავაგრძელებთ მუშაობას 2021 წელს ინიცირებულ აქტუალურ საკითხებზე: ტარიფების ინდექსაცია და მეთოდოლოგიების შემუშავება; ელექტრონული სისტემის (EHR) დანერგვის ხელშეწყობა; რეკომენდაციების შემუშავება
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების შერჩევის პროცესში; ჯანდაცვის სფეროს საკანონმდებლო რეგულირების დახვეწა. ასოციაცია კიდევ ერთხელ მიესალმება ახალ მინისტრს და ვიმედოვნებთ, რომ სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერად წარიმართება,“- ნათქვამია ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის ასოციაციას შორის ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ბოლო შეხვედრა 2021 წლის 22 დეკემბერს გაიმართა.
ჯანდაცვის ასოციაცია გასული წლის 7 სექტემბერს შეიქმნა, მის ერთერთ მთავარ მიზნად მთავრობასთან ტარიფების საკითხზე კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღებაში ჰოსპიტალური სექტორის აქტიური ჩართვა დასახელდა.
ასოციაციაში ამბობდნენ, რომ 520-ე დადგენილებამ, რომლითაც სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფები გათანაბრდა, სექტორში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
მათივე შეფასებით, ტარიფების გათანაბრების შედეგები ჰოსპიტალურმა სექტორმა საკუთარ თავზე აიღო და ამას არ დაუზარალებია პაციენტების მომსახურების ხარისხი. თუმცა, მათივე განცხადებით, მომავალში, ტარიფების სხვა მომსახურებებზე გათანაბრებამ შესაძლოა პაციენტების მომსახურების ხარისხზეც ნეგატიური გავლენა იქონიოს, ამიტომ ცვლილების მიღებამდე აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროსთან წინასწარი კომუნიკაცია.
„ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა და ასოციაციის მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება ტარიფიკაცია და ინდექსაცია, რადგან ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი და მას შემდეგ დიდი დროა გასული,“- აცხადებენ ასოციაციაში.