საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა განახლდა. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სპეციალური საიტი ახალი წლის წინა დღეებში გაიხსნა.
შეგახსენებთ: პრობლემა ჯერ კიდევ პანდემიამდე წარმოიქმნა, როდესაც საიტი, სადაც ახალი მიმწოდებლებისა და სერვისების ატვირთვა ხდებოდა, ჩაიკეტა.
მახარაშვილის განმარტებით, არსებული პრაქტიკით, ყოველი თვის 15 რიცხვში კლინიკები ტვირთავდნენ ამა თუ იმ სერვისის კოდებს, რის შემდეგაც ამ სერვისის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია ავტომატურად ხდებოდა.
კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სერვისებისა და სამედიცინო დაწესებულებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულებებს განვითარების, მათ შორის ახალი კლინიკის გახსნის საშუალებას ართმევდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ შექმნილია კომისია, რომელიც განიხილავს პროგრამაში ახალი სერვისის/მიმწოდებლის ჩართვის აუცილებლობას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე, და პორტალზე ახალი სერვისის რეგისტრაცია ხდება კომისიური გადაწყვეტილებით.
მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის საიტზე კოდების ატვირთვა შეუფერხებლად, აქამდე არსებული სქემით მიმდინარეობს.