საქართველო „ფაიზერისგან“ „საბავშვო ვაქცინის“ მიღებას გეგმავს. საუბარია პრეპარატზე, რომელიც 5-11 წლამდე ბავშებისთვისაა განკუთვნილი.
ამის შესახებ დაავადბეათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ფაიზერის დაახლოებით 550 000 დოზა ვაქცინაა, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.
რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, გამყრელიძის განცხადებით, სინოფარმსა და სინოვაკის დოზებს ვადა 2023 წლის ივნისი-ივლისის თვემდე აქვთ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ფაიზერთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დამატებით შესყიდვებთან დაკავშირებით.
“ქვეყანაში ამ ეტაპზე 550 000 დოზამდე ფაიზერის ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, გვაქვს კიდევ დაახლოებით მილიონ ნახევარი სინოფარმი და სინოვაკი, რომელთაც ვადა აქვთ 2023 წლის ივნის-ივლისის შუა რიცხვებამდე, საკმაოდ ვადიანია. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ ფაიზერთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია ბავშვების დოზებზე. მოგეხსენებათ, განსხვავდება 5-11 წლამდე დოზა, 12 წლიდან ზემოთ დოზებისგან. ასევე საუბარია, რომ თუ მარტის ბოლოსთვის ფაიზერს ექნება ომიკრონის შტამისთვის სპეციფიური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც განაცხადი აქვს გაკეთებული”, – თქვა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 40,9%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 881 აცრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ 12 წლიდან, „ფაიზერის“ პრეპარატითაა დაშვებული. ამ დრომდე მინიმუმ ერთი დოზით 12-15 წლის ასაკის მხოლოდ 3400-მდე ადამიანია აცრილი.
რაც შეეხება 5 წლიდან ვაქცინაციას, რომელსაც არაერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა, ამ შემთხვევაში პრეპარატი, სტანდარტულ დოზასთან შედარებით მესამედ დოზას შეიცავს.
გასული წლის დეკემბერში პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა, რომ 5 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, საქართველოშიც დაიწყება, რადგან ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ.
„კოვიდ 19-ით საქართველოში 8 ბავშვი გარდაიცვალა. ისინი რომ ვაქცინირებულები ყოფილიყვნენ, მათ სიცოცხლეს გადავარჩენდით. სხვა ვირუსები მათთვის მომაკვდინებელი არ იყო, რადგან ისინი მათ გადატანილი ჰქონდათ,“ -აღნიშნა პედიატრმა.