ომიკრონის ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამერიკასა და ბრიტანეთში მართვით სუნთქვაზე ძირითადად აუცრელი ადამიანები არიან.
“რაც ამ ეტაპზე ვიცით, რეინფიცირების და ვაქცინირებულებში “გაპარული” ინფექციის მაღალი რისკია, ოღონდ ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად), შესაბამისად მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ.
ამერიკასა და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადად აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები, ვიდრე დელტას დროს)
ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხი)”, – წერლს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, საქართველოში დადასტურებულია ომიკრონის 335 შემთხვევა.