წლის დასაწყისი მძიმე გვექნება, მაგრამ შესაძლოა გაზაფხულზე სიტუაცია დაწყნარდეს, თუ, ახალი მუტაცია არ გაჩნდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„წლის დასაწყისი მძიმე გვექნება, მაგრამ შესაძლოა გაზაფხულზე სიტუაცია დაწყნარდეს, თუ, ახალი მუტაცია არ გაჩნდა. “ომიკრონი” ბოლო არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ ზაფხულისთვის მსოფლიო პანდემიისგან გათავისუფლებას დაიწყებს. უფრო ადრე ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ძალიან მაღალ დონეზეა, უფრო გვიან კი ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია ჩვენნაირად მიმდინარეობს. ჩემი პროგნოზით, 2022 პანდემიის დასასრულის წელი იქნება. მინდა ბედნიერი წელი ვუსურვო ჩვენს ხალხს. ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციებს, გაუფრთხილდნენ თავიანთ და ახლობლების ჯანმრთელობას და დღესასწაულს რაც შეიძლება ცოტა ადამიანთან ერთად შეხვდნენ,“- აცხადებს პაატა იმნაძე.
მისი თქმით, 2021 წელი ძალიან მძიმე წელი იყო, წინა წელს კი უფრო კონტროლირებადი იყო სიტუაცია.
„ახლამთელი წელია, “კორონა” ბობოქრობს და 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ვაქცინები გვაქვს,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე განცხადებით, ომიკრონი” 3-ჯერ მეტ ადამიანს ასნებოვნებს, ვიდრე “დელტა”.
„თუ გვინდა თავი დავიცვათ, უნდა გავიკეთოთ პირბადე, თუ გვინდა, მძიმე მიმდინარეობას გადავურჩეთ, საჭიროა აცრა. ჰონკონგელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, “სინოვაკითა” და “სინოფარმით” სამი აცრა კარგად იცავს დამძიმებისგან. საიმედო ინფორმაცია გავრცელდა “ფაიზერთან” დაკავშირებითაც. კვლევების მიხედვით, “ფაიზერი” “ომიკრონით” დაინფიცირებისგან 65-75%-ით იცავს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ომიკრონთან დაკავშირებით კი აღნიშნა: „ჯერჯერობით კარგია, რომ დავიჭირეთ. ბევრ საეჭვო შემთხვევებს ვიკვლევდით, მაგრამ აღმოვაჩინეთ ქვეყანაში შემოსულებს შორის, რაც ნიშნავს, რომ გავრცელებას უახლოეს ერთ კვირაში არ ველით, მაგრამ ორი-სამი კვირის შემდეგ რა იქნება, ვეღარ გეტყვით, რადგან სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, მე რომ ამერიკაში ვიყავი, იქ “ომიკრონის” ერთეული შემთხვევები იყო დადასტურებული. 10 დღეა, რაც ჩამოვედი და მთელ ამერიკაში შემთხვევათა 75% უკვე “ომიკრონია”. ყველა ქვეყანაში ასე მოხდა – გამოჩენიდან რამდენიმე კვირაში დომინანტი გახდა. შედარებისთვის გეტყვით – “დელტა შტამი” ჩვენთან მაისის ბოლოს გამოჩნდა და დომინანტი ივლისში გახდა, “ომიკრონი” კი რამდენიმე კვირაში ხდება დომინანტური. ვიცით, რომ ის სწრაფად ვრცელდება და გაცილებით ადვილად გადამდებია. სიმძიმით ჯერჯერობით არ გამოირჩევა. ჯერ არ გვაქვს საბაბი, ვთქვათ, რომ “დელტაზე” რთულად მიმდინარეობს. თუმცა “ომიკრონითაც” შეიძლება დამძიმდეს პაციენტი და გამოიწვიოს სიკვდილი.“
იმნაძის განმარტებით, ომიკრონი უფრო ადვილად შედის ზედა სასუნთქი გზების ეპითელში და უფრო ნაკლებად – ქვედა სასუნთქი გზების ეპითელში. „ჯერჯერობით ასე ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ კვლევის პროცესში აღმოჩენებია, საბოლოოდ რას გვიჩვენებს, ჯერ არ ვიცით,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.