მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ქვეყანას პანდემიის მართვის სადავეები გარკვეულწილად ხელიდან გაექცა,“ – თენგიზ ცერცვაძე 2021 წელს აფასებს

„ქვეყანას პანდემიის მართვის სადავეები გარკვეულწილად ხელიდან გაექცა,“ – თენგიზ ცერცვაძე 2021 წელს აფასებს

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს მიერ პანდემიის მართვის თითქმის ორთვიან პერიოდს აჯამებს. მისი თქმით,  ქვეყანაში პანდემიის მართვის პროცესი შეგვიძლია პირობითად ორ ნაწილად გავყოთ.

„პირველია შარშანდელი წელი, როდესაც საქართველომ, ლამის ერთადერთმა მსოფლიოში, შეძლო, წარმატებული, წინმსწრები ღონისძიებებით მაქსიმალურად შეეკავებინა ინფექციის გავრცელება. მეორე – მიმდინარე წელს, როდესაც ეს უკვე ვეღარ მოხერხდა და პანდემიის მართვის სადავეები ქვეყანას გარკვეულწილად ხელიდან გაექცა,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან, ის ცალკე საუბრობს პანდემიის მართვის პრობლემებზე და აქაც ორ მიმართულებას გამოყოფს.

„თუ შედეგით ვიმსჯელებთ, ანუ იმით, განვითარებული ქვეყნების, ევროპასა და ამერიკასთან შედარებით სად გვაქვს უკეთესი ან უარესი მაჩვენებლები, შეიძლება ვთქვათ, რომ ძირითადი შეცდომები, თუ ამას შეიძლება შეცდომები დავარქვათ, ის იყო, რომ ვერ მოხერხდა მოსახლეობის სრული ვაქცინირება. ამ მომენტისთვის ვაქცინირებული უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 2/3-ზე მეტი და ჯერჯერობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%-ზე ცოტა მეტია ვაქცინირებული, ხოლო სრული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი.

მეორე: დაბალი იყო ნიღბების მოხმარება, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30% იყო მაშინ, როცა ევროპის და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვაქცინირებულები არიან, ნიღბების მოხმარება 90%-ს აღწევდა. ამ შემთხვევაში შეცდომა ალბათ იყო იმ ნაწილში, რომ კონტროლის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, აღსრულების მექანიზმი არ იყო საკმარისად მკაცრი და მინდობილი ვიყავით ძირითადად მოსახლეობის პასუხისმგებლობის გრძნობაზე და მაღალ მოქალაქეობრივ გრძნობაზე, რაც არ გამართლდა. ჩვენ არ ვართ კანონმორჩილი ხალხი და ძნელად ვეგუებით რეგულაციებს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ეპდისიტუაციის დამძიმებაში თავისი როლი შეასრულა იმან, რომ „ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაუშვა ხშირი ,პერმანენტული, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივაციით,“ რაც, ცერცვაძის განმარტებით, ერთერთი წყაროა ინფექციის მატების და ამას მოსდევს გარდაცვალების შემთხვევის ზრდაც.

„თითოეულ ამ მიმართულებაში გამოჩნდა არასაკმარისი მართვა. საბოლოო ჯამში ყველაფერზე პასუხისმგებელია ქვეყნის და ჯანდაცვის სამინიტროს ხელმძღვანელობა. შესაძლებელი ყველგან კეთდებოდა, მაგრამ ალბათ შეუძლებელი უნდა გაკეთებულიყო. ვაქცინაციაზე არ მომიბრუნდება ენა, რომ შეცდომებზე ვისაუბრო, რადგან შექმნილი იყო იდეალური პირობები, რომ არათუ 2/3, არამედ მეტიც აცრილიყო. მილიონობით დოზა საუკეთესო ვაქცინები იქნა შემოტანილი, ინფრასტრუქტურა – იდეალურთან მიახლოებული, აცრის 500 პუნქტი იყო, მათ შორის მოძრავი ავტობუსების სახით. წამყვანი სპეციალისტების მოგზაურობა რეგიონებში და კარდაკარ სიარული და დარწმუნება მოსახლეობის… მაგრამ მოზრდილი მოსახლების მესამედზე მეტი არ აიცრა. როგორ დავარქვათ ამას შეცდომა, როცა ყველაფერი გააკეთა ქვეყანამ, რომ მიეწოდებინა მოსახლეობისთვის საუკეთესო სერვისები. ანტივაქსერების თუ სხვა ფაქტორების გამო ადამიანები არ აიცრნენ და დღესაც არასაკმარისი მომართვიანობაა. შეცდომა ალბათ ისაა, რომ სამინისტროს უნდა გამოენახა განსხვავებული მიდგომები მოსახლეობის დასარწმუნებლად, მაგრამ ეს არაა იოლი და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერვისების მიწოდების კუთხით  იმაზე მეტი არ გაკეთებულა, რაც საქართველოში გაკეთდა. უბრალოდ იქ ადამიანები უფრო კანონმორჩილები აღმოჩნდნენ და აიცრნენ,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ომიკრონის გავრცელების პირობებში, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება და ბევრ ქვეყანაში უკვე დომნანტია, რაც საქართველოსაც მოგვიანებით ელოდება, ის მიმართულებები, რომლებიც არასაკმარისად სრულდებოდა, ახლა მაინც უნდა გამოსწორდეს.

მისი განცხადებით, უნდა მოიძებნოს განსხვავებული მიდგომები – იქნება ეს მკაცრი კონტროლი თუ მოსახლეობის დარწმუნება – რათა მოსახლეობის რაც შეიძლება მეტმა რაოდენობამ მიმართოს ვაქცინაციის ცენტრებს, განსაკუთრებით კი ბუსტერ დოზის გასაკეთებლად, რადგან ორჯერადი ვაქცინაცია ომიკრონის პირობებში საკმარისი არ არის.

“ახლა მაინც უნდა გაძლიერდეს აღსრულების მექანიზმი პირბადეების ტარებაზე. ამასთან, თვითონ პოლიტიკოსებმა უნდა გამოაცხადონ მორატორიუმის მსგავსი რამ ხალხმრავალ პერმანენტულ აქციებზე, რასაც მთავრობა არ იზამს, რათა პოლიტიკური პროცესების ხელშეშლაში არ დაადაბაშაულონ.

ეს არის საშუალება, რომ ჩვენ შევამციროთ ომიკრონით გამოწვეული შემთხვევების ზრდა და შესაბამისად, მოსალოდნელი ძალიან დიდი დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე, რომელიც აქამდე ძალიან დიდი წარმატებით უმკლავდებოდა უდიდეს გადატვირთვებს და გამოწვევებს, და თუ ვაქციანციით და პირბადის ტარებით ქვეყანა ჩამორჩებოდა წამყვანი ქვეყნების დონეს, პაციენტთა ნაკადების მართვა სამინისტროს მიერ იყო საჩვენებელი და სხვა ქვეყნებზე უკეთესი,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …