დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ-დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საინფორმაციო ბანერი ცენტრმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა, რომელზეც წერია, რომ ორსულებისთვის ბუსტერის გაკეთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ორსულებისთვის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ შტამს – ომიკრონს შეშფოთების სტატუსი მიანიჭა.
ბუსტერ დოზის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი გვეხმარება კიდევ უფრო გავაძლიეროთ იმუნიტეტი, შევამციროთ დაინფიცირების და დაავადების მძიმედ განვითარების რისკი.
მომავალი დედებისთვის საკუთარ და პატარას ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორმაგად მნიშვნელოვანია. დაიცავი საკუთარი და შვილის სიცოცხლე! აიცერი!“- აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
გასულ კვირაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ორსულებისთვის ბუსტერ-დოზის გაკეთება რეკომენდებული არ არის.