ჰოსპიტალური ინფექციების გავრცელება არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა, მათ შორის განვითარებული ქვეყნების პრობლემაა და ის მხოლოდ ჰოსპიტალში ინფექციების კონტროლის დონეზე არაა დამოკიდებული. მთავარი პრობლემა ამ კუთხით ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებული რეზისტენტობაა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა. ამის შესახებ „ნიუ-ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა jandacva.ge-ს განუცხადა.
შეგახსენებთ: გუშინ, სამინისტროს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
„საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია; არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ covid-ი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა.
ჰოსპიტალური, ანუ ნოზოკომიური ინფექცია – ეს არის ინფექცია,რომელიც შესაძლებელია განვითარდეს საავადმყოფოს შიგნით. ეს ასოცირდება ხშირად კათეტერთან,ქირურგიულ ჩარევასთან,ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა 520-ე დადგენილების მიღებამ, რომლითაც ჰოსპიტალურ სექტორში ტარიფები შემცირდა. მისი შეფასებით, ამ „დანაშაულებრივი რეფორმით“ რეანიმაციულ განყოფილებებს დაფინანსებები გაუნახევრდა.
„ეკატერინე ტიკარაძემ გაბედა და თქვა ის, რის შესახებაც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მხედველობაში მაქვს 520-ე დადგენილება, რომლითაც რეანიმაციებს ტარიფები შეუმცირდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გამოიწვევდა ტრაგედიას. ისე შექმნეს ტარიფები, რომ არ გვქონდა კლინიკური სტანდარტი, რომელიც ამ ტარიფის უკან იდგა. ანუ ტარიფი შევქმენით ფორმალურად,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევა მთელ მსოფლიოშია, საქართველოში განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო 3 წლის განმავლობაში გატარებული ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგად.
რაც შეეხება ზოგადად, პრობლემას, კალოიანი განმარტავს, რომ ჰოსპიტალური ინფექციების მართვას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში ანტიბიოტიკების არაადეკვატური გამოყენება ართულებს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. მისი განმარტებით, ეს პრობლემა დგას პირველად ჯანდაცვაშიც და, შესაბამისად, პრობლემა, რომელზეც ტიკარაძემ ისაუბრა, კომპლექსურია და სწორი არ არის მისი მხოლოდ ექიმებისთვის და კლინიკებისთვის გადაბრალება.
ცნობისთვის: რეზისტენტობის გავრცელებაში ბრალი მიუძღვის ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენებასაც. ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს. შედეგად, პროდუქტიულობა იზრდება, მაგრამ ასეთი ცხოველის ხორცი შეიცავს რეზისტენტულ შტამებს, რომლებსაც მომხმარებელსაც გადასცემს. პრობლემაა ისიც, რომ ანტიბიოტიკებს გაციების, გრიპის, საზოგადოდ, ისეთი დაავადებების დროს უშნავენ პაციენტებს, რომლებიც ბაქტერიებით არ არის გამოწვეული.
ვახტანგ კალოიანის განცხადებით, სწორედ მიზეზების კომპლექსურობის გამო, მხოლოდ კლინიკებში არსებული ინფექციების კონტროლი არ არის პრობლემიდან გამოსავალი და არ შეიძლება მხოლოდ ჰოსპიტლებს და ექიმებს დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნულზე.
თუმცა, როგორც აღინიშნა, ვახტანგ კალოიანი ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის დამძიმებას ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ 520-ე დადგენილებას უკავშირებს, რომელმაც, მისი თქმით, რეანიმაციული მიმართულებით ტარიფების დეკლარირებული გათანაბრების ნაცვლად, ტარიფების შემცირება გამოიწვია.
საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელიც წერს: “ზუსტი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან აღიარების გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
თავად უკვე ყოფილმა მინისტრმა ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მიზეზებზე საუბრისას, პარლამენტის მიერ სამინისტროს ინიციატივით მომზადებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში დაგეგმილი იმ ცვლილების არმიღება დაასახელა, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა.