ჩინური ვაქცინების – სინოვაკისა და სინოფარმის ორმაგი დოზა, სამწუხაროდ, ომიკრონზე ვერანაირად ვერ მუშაობს.
ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, კვლევების მიხედვით, ომიკრონის წინააღმდეგ ყველაზე კარგად მუშაობს ფაიზერის ვაქცინა, თუმცა – მხოლოდ ბუსტერის შემდეგ, ორდოზიანი ვაქცინაციის დაცვის დონე კი 40%-მდეა შემცირებული. იგულისხმება დაინფიცირებისგან დაცვა, თუმცა, როგორც წერეთელი აცხადებს, სიკვდილობისა და ჰოსპიტალიზაციისგან „ფაიზერის“ ვაქციონის ორი დოზა ისევ აგრძელებს ადამიანების დაცვას.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ 2 დოზით არიან აცრილები და ბუსტერად ფაიზერი გაიკეთეს, ზაზა წერეთლის თქმით, ასეთი მოქალაქეები უფრო დაცული იქნებიან, ვიდრე ბუსტერის გარეშე. თუმცა ის ამბობს იმასაც, რომ სინოვაკი და სინოფარმი სამწუხაროდ „ომიკრონზე ვერანაირად ვერ მუშაობს“ ფაიზერის და მოდერნასგან განსხვავებით, მათი დაცვითი უნარი თითქნმის 0 მდეა დაცემული. ამიტომ, ზაზა წერეთლის რჩევაა, ვისაც ჩინური ვაქცინა აქვს გაკეთებული, აუცილებლად გაიკეთოს „ფაიზერის“ ბუსტერი. ზაზა წერეთელი ამბობს, რომ დაცვის ხარისხი ასეთ შემთხვევაში უფრო კარგია, თუმცა, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების მსგავსი 80-%-იან დაცვას არ უნდა ველოდოთ.
მას უჭირს იმაზე მსჯელობა, რამდენად მსუბუქი აღმოჩნდება საქართველოსთვის კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონს სიკვდილიანობა არ გაუზრდია – მაგალითად დანიაში, დიდ ბრიტანეთში – აცრების მაჩვენებელი მაღალია და, შემთხვევების მატების მიუხედავად, ლეტალობა არ გაზრდილა. საქართველოში კი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია ვაქცინირებული.
„მართალია, ამბობენ, რომ ეს შტამი სუსტია, მაგრამ სუსტია იმ მომენტში, როცა აცრილი ხართ,“- აცხადებს წერეთელი და ამბობს, რომ შექმნილ მდგომარეობაში თავდაცვის საუკეთესო საშუალება პირბადის ტარება და ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავის შეკავებაა.