ერთერთი ვერსიის თანახმად, კოვიდ 19 შეიძლება ნერვულ ქსოვილში შეიჭრას და დააზიანოს თავის ტვინის უჯრედები და ის სტრუქტურა, რომელიც ძილზე აგებს პასუხს. ამის შესახებ ნევროლოგმა და თსსუ-ის პროფესორმა ნათია ოკუჯავამ განაცხადა.
მისი თქმით, ძილის დარღვევა კოვიდის თანხმლები ჩივილია.
„ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, გადაიტანა თუ არა კოვიდი, მეტ-ნაკლებად მაინც შეეხო ლოქდაუნი, გაურკვეველი მოლოდინები, ცხოვრების რეჟიმის შეცვლა და ამან ასახვა ჰპოვა ძილზე. თუმცა უკვე დაგროვდა გამოცდილება, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ძილის დარღვევა სპეფიციკური და მძაფრია,“- აღნიშნა ოკუჯავამ.
მისი განცხადებით, უკვე მოხდა იმის გაცნობიერება, რომ ძილის დარღვევა ამ ინფექციასთან კავშირშია.
ექიმი ამბობს, რომ ჩინეთში, ვუხანის ერთერთი დიდი კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ ყველაზე მეტად გავრცელებული ნევროლოგიურ ჩივილები იყო უძილობა, შფოთვა და დეპრესია. პაციენტების 26%-ს აღენიშნებოდა ძილის დარღვევა, რაც არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობის შეცვლას, არამედ ბიოლოგიური საათის აღრევას გულისხმობს. სპეციალური ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელიც კოვიდ 19-ს შედეგად წარმოქმნილ, ძილის დარღვევის შედეგებს სწავლობს.
ნევროლოგის ინფორმაციით, უკვე არსებობს მონაცემები, რომ კოვიდ 19-ის გადატანის ყველაზე მყარი დარღვევა სწორედ ძილის ხანგრძლივობის შემცირება ან ძილიანობა და ძილღვიძილის ციკლის მოშლაა.
რაც შეეხება მკურნალობას, ნათია ოკუჯავა განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში არსებობს ქცევითი და კოგნიტური თერაპია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი დაწოლის და გაღვიძების შემდეგ. არსებობს სპეციალური მოდუნების ტექნიკა, შემაწუხებელი აზრების თავიდან მოცილების მეთოდოლოგია, ასევე ის, თუ რას უნდა მოვაქციოთ ყურადღებს საძინებელ ოთახში. და რაც მთავარია, სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რამდენი ხანი უნდა ეძინოს ადამიანს და როგორია მისი დაძინების და გაღვიძების ოპტიმალური დრო,რათა სწორედ ამ მონაკვეთში მოხდეს ძილის პერიოდის „მოთავსება“.
ნევროლოგი ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამბობს, რომ პანდემიის დასრულების მთავარი იარაღი სწორედ აცრაა.