მედიკამენტების შემდეგ, კოვიდ-19-ის მართვის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დახმრებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაღალტექნოლოგიური რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის შეძენას გეგმავს. როგორც სამინისტროში ამბობენ, შესყიდვის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.
დღეს ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19“-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.
კოვიდ პანდემიის დაწყების დღიდან, მსოფლიო ბანკისგან მიღებული ფინანსური დახმარების ფარგლებში ქვეყანაში როგორც დაავადების პრევენციისა და დიაგნოსტირების, ისე სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. საუბარია, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ჩოვიდ-19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაციისა და ჩოვიდ-19-ის პროექტის კომუნიკაციის კომპონენტზე. პროექტის ფარგლებში, მოხდა ვაქცინაციის საკომუნიკაციო ვიდეო-კლიპების დამზადება და საინფორმაციო მასალების ბეჭვდვა/გავრცელება.
დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, განხორციელდა ჩოვიდ-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებისა და მონოკლონური ანტისხეულების შესყიდვაც.
შესყიდვის ფინალურ ეტაპზეა მაღალტექნოლოგიური რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურა.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის გუნდთან ერთად ახალი პროექტიც იგეგმება, რომელიც ჯანდაცვის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ფარმაცევტული რეფორმის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მსოფლიო ბანკმა კი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიაც ესწრებოდა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.