მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება” – სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ომიკრონი უკვე საქართველოში იყოს

“დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება” – სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ომიკრონი უკვე საქართველოში იყოს

კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი“, შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს – ამის შესახებ კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე ღრმა კვლევები უკვე მიმდინარეობს.

“ახალი ვარიანტების საფრთხის ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება კვლავ მძიმე თვეები, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საეჭვო შემთხვევები უკვე არის, რომელთა გადამოწმება მიმდინარეობს, ღრმა გამოკვლევები ცოტა დროს საჭიროებს.

ჯერჯერობით, ოფიციალურად, საქართველოში აღებული სინჯებიდან, არ არის დადასტურებული “ომიკრონის” არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ის უკვე საქართველოშია. “დელტა” ვარიანტს ჰგავს, მის თვისებებს ამჟღავნებს, ამიტომ, გადამოწმების და ღრმა კვლევის გარეშე ამის დადასტურება ვერ ხდება. ჩვენგანაც, ისევე, როგორც სხვა ლაბორატორიებისგან პერიოდულად იგზავნება ასეთი სინჯები სეკვენირებისათვის,”-აცხადებს გიორგი კამკამიძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა არ დადასტურდა.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დაცვის ეფექტი “ომიკრონთან” მიმართებით ძალაშია, განსაკუთრებით “ბუსტერ” დოზაზე.

„ომიკრონი”, რომელიც სამხრთ აფრიკიდან წამოვიდა ნოემბრის 8 რიცხვიდან, შემდეგ 24-25 ნოემბერი იყო, როდესაც ოფიციალური სახით გაკეთდა პირველი შეტყობინება ამ შტამზე, 63- ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს. არის შესაძლებლობა, რომ საეჭვო შემთხვევა გამოვიკვლიოთ და დავადგინოთ თუ გვაქვს საქმე „ომიკრონის” შტამთან. ჯერჯერობით შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო რისკები არსებობს. მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება, რაც ქვეყანამ უკვე დაიწყო, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, ასევე პირადი დაცვის საშუალებები, კოვიდრეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ვაქცინის დაცვის ეფექტი ძალაში რჩება “ომიკრონთან” მიმართებით, განსაკუთრებით მესამე “ბუსტერ” დოზაზე”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, თუ საქართველოში „ომიკრონთან” დაკავშირებული რისკები გაჩნდება, გაბუნია ამბობს, რომ “დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება”.

„საწოლფონდი მობილიზებულია. დაახლოებით, 2500 საწოლია თავისუფალი. რა თქმა უნდა, დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება, რაც სისტემამ ადრეც არაერთხელ გააკეთა. ამდენად უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება”,- განაცხადა გაბუნიამ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …