საქართველოში ა ტიპის გრიპი, A/H3 დაფიქსირდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, აგრესიულობით გამორჩეული H1N1 შტამი, ე.წ. ღორის გრიპი ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. H3 შტამი მასთან შედარებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა. ეს შტამი შედის გრიპის იმ სახეობებში, რომელთა წინააღმდეგაც ოთხკომპონენტიანი ვაქცინაა მიმართული. ვაქცინა საქართველომ უკვე შემოიტანა და 200 ათასი დოზიდან 100 ათასზე უკვე ადმინისტრირებულია. ამასთან, რისკ-ჯგუფების გარდა, გასული თვის მეორე ნახევარში, 1 დეკემბრამდე, სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინის უფასოდ გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ასევე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე საქართველოში ა ტიპის გრიპის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ორჯერ გამოვლინდა ბე ტიპის გრიპი,რომელიც შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება.