ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი შტამის გამო ბევრმა ქვეყანამ ბუსტერ დოზამდე ინტერვალი შეამცირა. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც განიხილავს ამ საკითხს.
“ბევრმა ქვეყანამ მას შემდეგ რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 5 თვემდე, ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 4 თვემდე. Sinopharm-ისა და Sinovac-ის შემთხვევაში ეს არის 3 თვე. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება ამ საკითხზე,” – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში ბუსტერ დოზაზე დაბალი აქტივობაა.
“ბუსტერ დოზებზე აქტივობა დღეს არ არის მაღალი, რადგან 6 თვიანი ინტერვალის გასვლა, უმრავლეს შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოხდეს დეკემბრის დასაწყისში ან ბოლოსკენ, ამდენად ჯერ ეს ჯგუფი არ არის იმდენი, რომ ამოიწიოს აცრების მატება,” – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.