მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა შიდსის მსოფლიო დღეს უერთდება

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა შიდსის მსოფლიო დღეს უერთდება

 1 დეკემბერს, მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. სლოგანით ,,შიდსი: ესეც პანდემიაა  შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში ამ დღეს წელსაც  უერთდება. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზეც კი, მსოფლიომ უნდა დაიცვას ის შედეგები, რაც მიღწეულია  აივ/შიდსის  პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც 30 წელზე მეტია მძვინვარებს.

გასული წლების მსგავსად, შიდთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, AHF საქართველოს წარმომადგენლობა აქტივობებს ძირითადად ვირტუალურ სივრცეში, სოციალურ ქსელში განახორციელებს. მომზადდება საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, სარეკლამო ბანერები განთავსდება როგორც ონლაინ, პოპულარულ ინტერნეტგვერდებზე, ასევე მეტროსადგურში. მომზადდება ვიდეორგოლი შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და საინფორმაციო პოსტებთან ერთად, განთავსდება AHF საქართველოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას.

„Covid 19-ის სწრაფმა გავრცელებამ, ნათლად დაგვანახა, რომ პანდემია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა მჭიდრო კავშირშია არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან, მათ შორის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. შიდსის მსოფლიო დღეს, წელსაც,  ფონდის მთავარი სლოგანია „შიდსი: ესეც პანდემიაა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა მნიშვნელოვანია და მიმდინარე პანდემიებმა არ უნდა შეაფერხოს სერვისის მიწოდება  მათთვის, ვისაც ის ესაჭიროება. 2015 წელს, მსოფლიომ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემია უნდა დასრულდეს. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის გზით“, – აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.

 

გლობალური ფონდის ბოლო ანგარიშის თანახმად, შარშან  პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აფრიკისა და აზიის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემასა და სერვისების მიწოდებაზე. შედეგად, აღნიშნული ქვეყნების თითქმის 75%-ში აივ/შიდსის მიმართულებით სერვისის მიწოდება შეფერხდა. გარდა ამისა, 2020 წლის აპრილიდან სექტემბრამდე,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ ტესტირება 41%-ით შემცირდა.

ყოველწლიურად, აივ/შიდსის შედეგად, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი იღუპება. გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიდერებმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ, მათ შორის ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ ასევე უნდა შეასრულონ შიდსთან დაკავშირებული დაპირება, აივ ტესტირების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის   უზრუნველყოფით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

შესაბამისად, გლობალურ ფონდში მიაჩნიათ, რომ მრავალი გამოწვევის მიუხედავად, COVID-19 პანდემია არ უნდა იქნას გამოყენებული შიდსთან გლობალური ბრძოლის ღონისძიებების მუდმივად შემცირების მიზეზად. უფრო მეტიც, პანდემიის გამო, შიდსთან ბრძოლის გააქტიურება, ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. როგორც AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ტერი ფორდი აცხადებს, ის დესტრუქცია, რაც მსოფლიოს კოვიდ 19-მა მოუტანა, გასაგები მიზეზების გამო, ბოლო თითქმის ორი წელია გრძელდება და მიაჩნია, რომ  შიდსის მსოფლიო დღე ძალიან მნიშვნელოვანია „სხვა პანდემიის“ შესახსენებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან, საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს იმას, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე შარშან პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, შიდსის პანდემიის დასამარცხებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტიგმის დამსხვრევა და გულახდილობაა. საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის გამო,  დაინფიცირებულს ეშინია და მალავს თავის სტატუსს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი ზოგადად დაავადების შესახებ – როგორ გადადის, რა სიმპტომებია, როგორ დავიცვათ თავი, რა არის პრევენციის გზები  და ა.შ.

დაავადების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია გამოვიმუშავოთ ტესტირების კულტურა – გვქონდა საეჭვო ქცევა ან სარისკო ურთიერთობა პარტნიორთან, აუცილებლად უნდა გავიკეთო ტესტი, დავრწმუნდეთ, რომ დაავადება არ გვაქვს. საქართველოში აივზე ტესტირებაც და  მკურნალობაც უფასოა. ეს ყველამ უნდა იცოდეს,  საზოგადოებამდე ამ ინფორმაციების მიტაანა, განათლებაა საჭირო.

2018 წლიდან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად საქმიანობს შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, AHF საქართველოს მოსახლეობას სწრაფი და მარტივი მეთოდით აივ-ზე ტესტირებას სთავაზობს.

ცნობისათვის, 2020 წელს, თბილისში გაიხსნა „AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება, როგორც მაღალი რისკის ჯგუფების, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადებას და გავრცელებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ვებინარებს აივ-ზე, პრევენციულ მეთოდებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. გასული წლების მსგავსად, „AHF საქართველოს“ ერთ-ერთ პრიპრიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ დაწესებულებებში აივ/შიდსის პრევენცია და გამოვლენა. ფონდის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია პენიტენციალური სისტემის თბილისის 10 დაწესებულებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით, აივ-ზე სწრაფი, მარტივი ტესტირების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალის (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და კონდომების დარიგება, რაც ხელს შეუწყობს აივ-ის დროულ გამოვლენას და მკურნალობას, ასევე პრევენციასა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებას.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა მდებრეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ.#37დ.

 

 

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …