სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების ინდექსაციის საკითხზე ჯანდაცვის ასოციაციამ სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და ასოციაციის დამფუძნებელი წევრები. ასოციაციის წევრი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების ძირითადი მოთხოვნაა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად. ასოციაციის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობას სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს.
როგორც jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განაცხადა, მათ სამინისტროს ინდექსაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარუდგინეს. ამასთან, მისი განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლას პოზიციების შეჯერება სჭირდება, თუმცა დასძენს იმასაც, რომ ინდექსაცია არის „ხანძარი“, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ჩაქრობა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში შექმნილი ასოციაციის საქმიანობის ერთერთი მთავარი მიზანი ტარიფებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა.
მათ შორისაა ტარიფების გათანაბრება.
ტარიფების გათანაბრება გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო მომსახურებებზე საერთო ტარიფის დაწესებას, რომლის გაზრდის უფლებაც კლინიკებს არ აქვთ.
ტარიფები უკვე გათანაბრდა კარდიოქირურგიისა და რეანიმაციული მომსახურების ტარიფები, რასაც კერძო კლინიკების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.