“მწვანე საშვის” აპლიკაცია ამოქმედდა. აპლიკაციის სახელწოდებაა Georgia e-Health, რომლის სმარტფონზე ჩამოტვირთვისა და მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეს მწვანე პასპორტით სარგებლობა თავისუფლად შეუძლია. თუმცა, “ანდროიდის” მომხმარებელი ამ დრომდე მის ჩამოწერას ვერ ახერხებს და მხოლოდ “IOS”-ით მოსარგებლეებისთვისაა ხელმისაწვდომი.
როგორც ცნობილია, საქართველო უკვე შეუერთდა ევროპის ერთიან სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომელთა მწვანე პასპორტები ევროპას აქვს აღიარებული, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა.
ასევე შეგახსენებთ, რომ პირველი დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება.