covidpass.moh.gov.ge-ზე კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის 6-თვიანი შეზღუდვა მოიხსნა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდპასპორტის აპლიკაცია უახლოეს დღეებში უნდა ჩაეშვას.
ამ ეტაპზე უკვე მოქმედებს საიტი covidpass.moh.gov.ge, სადაც მოქალაქეს საკუთარი კოვიდ-სტატუსის გადამოწმება შეუძლია.
აღნიშნულ საიტზე, საკუთარი კოვიდ-სტატუსის შესამოწმებლად შესულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული და კოვიდინფექცია 6 თვეზე მეტი პერიოდის წინ გადაიტანეს, პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ გამოსდიოდათ შეტყობინება, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.
შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით jandacva.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ეს პირობები შეიცვლება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად და კოვიდ-გადატანილებისთვის 6-თვიანი შეზღუდვა პირობებში აღარ იქნება. მისი თქმით, მწვანე სტატუსით ისარგებლებს ნებისმიერი მოქალაქე, რომელმაც კოვიდ-19 გადაიტანა, ამასთან, არანაირი ვადა ამ კუთხით დაწესებული არ იქნება.
დღეს უკვე საიტზე აღნიშნული შეზღუდვა მოხსნილია და მასში მწვანე სტატუსი აქვს მოქალაქეს, რომელმაც კორონავირუსი პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ნებისმიერ პერიოდში გადაიტანა.
შეგახსენებთ: ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე მხოლოდ ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება.