მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-ტესტირების დაწესებულებების მკაცრ კონტროლს იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-ტესტირების დაწესებულებების მკაცრ კონტროლს იწყებს

კოვიდ ტესტირების მიმწოდებელ დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის მონიტორინგი განხორციელდება.

აღნიშნულს ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ინფექციის კონტროლის სისტემის მონიტორინგი განხორციელდება SARS-COV-2 ტესტირების მიმწოდებელ იმ დაწესებულებებში, სადაც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 15 ოქტომბრამდე ჩატარებული ტესტების რაოდენობა აღემატება 2000-ს ან ჩატარებული ტესტებიდან დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს აღემატება.

მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ასევე  დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაევალა.

იგივე ბრძანებით დამტკიცდა „SARS-COV-2 ტესტირების სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტი“,  რომელშიც კონტროლის მექანიზმებია გაწერილი. ამ დოკუმენტის თანახმად, ტესტირებისთვის გამოყოფილი სივრცე კარგად ვენტილირებული უნდა იყოს  ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაციით (გარეთ გამავალი ფანჯარა, კარი). ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება-მიღება კი უნდა განხორციელდეს იზოლირებულ სათავსებში, ან ერთიან სათავსში შემდეგი წესის დაცვით:

სივრცე ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებისთვის სხვა სივრცეებისაგან გამოყოფილია ზონირების პრინციპის დაცვით (ნიშა, შირმა, თეჯირი) და აქვს ცალკე მაგიდა, შესაბამისი თავდახურული კონტეინერით ან კონტეინერებით.

სამედიცინო სერვისების სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს გამართული ხელის დასაბანი საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, წყალმომარაგება, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი საშუალებები).

დაწესებულების შესასვლელებში, სამედიცინო სერვისის სივრცეებში, მოსაცდელში, დერეფანში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელის ალკოჰოლშემცველი ანტისეპტიკური საშუალებები.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტთა მოსაცდელი და კლინიკური სერვისის ყველა სათავსის (იატაკი, კედლები და ყველა ხილული ზედაპირი) და აღჭურვილობის ზედაპირები უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი მტვრისა და ბიოლოგიური დაბინძურებისგან.

დაწესებულებაში უნდა იყოს ნარჩენების, ასევე ტესტების შესანახი სპეციალური კონტეინერები.

ტესტირების სივრცეში არ უნდა აღმოჩნდეს კონტეინერს მიღმა დატოვებული ინფექციური ნარჩენები – აპლიკატორი, გამოყენებული ტესტები და ა.შ.

ამასთან, მარეგულირებელი ორგანო, პერსონალის გამოკითხვით და დაკვირვებით შეამოწმებს, ჩაუტარდა თუ არა მას ტრენინგი  ხელების ჰიგიენის საკითხებში.

პერსონალი დატრენინგებული უნდა იყოს ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩაცმა-გახდასა და გამოყენებაში.

ამასთან, დაწესებულებაში სივრცეების დაგეგმარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესასვლელიდან საპროცედურომდე პაციენტთა ნაკადის ერთი მიმართულებით გადაადგილება  ისე, რომ გამოირიცხოს მისი გადაკვეთა რესპირატორული ინფექციის სიმპტომების არმქონე პაციენტების ნაკადთან. ცხელებიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების მიღება ტესტირებაზე უნდა განხორციელდეს სხვა პაციენტებისთვის განკუთვნილი შესასვლელი კარისგან დამოუკიდებლად, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი აღნიშვნით (აბრით, სტიკერებით), ან განხორციელდეს დროით დაცვა (სხვადასხვა დროს იღებენ გეგმიურ ტესტირებაზე მისულ და რესპირატორული სიმპტომებიან პაციენტებს).

დოკუმენტში ასევე გაწერილია აღებული ნიმუშების ტრანსპორტირების სტანდარტები.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …