მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდზე აცრილ ბავშვებში მიოკარდიტის შემთხვევები იშვიათია და მალევე იკურნება – პედიატრის განმარტება

კოვიდზე აცრილ ბავშვებში მიოკარდიტის შემთხვევები იშვიათია და მალევე იკურნება – პედიატრის განმარტება

საქართველოში ბავშვებში კოვიდ 19-ის 90 680 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა რეალურად ეს ციფრი უფრო მეტია – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წელს კორონავირუსით ბავშვთა ავადობა თითქმის 3-ჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით და საერთო შემთხვევების 15%-ს შეადგენს. ქვეყანაში პანდემიის დაწყების დღიდან ბავშვების გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მაია ჩხაიძის განცხადებით, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ წლამდე ბავშვები არიან, რადგან მათი იმუნური სისტემა მოუმწიფებელია და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.

ამიტომ, ექიმის თქმით, ბავშვების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის კვლევამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და აშშ-ისა და ევროპის  ბევრ ქვეყანაში  უკვე აქტიურად ცრიან ამ ასაკის ბავშვებს. მაია ჩხაიძის განცხადებით, ეს ასაკობრივი ჯგუფი ძალიან მობილურია – დადიან სკოლაში, სპორტულ ჯგუფებში და, შესაბამისად, არიან ვირუსის გამავრცელებლები.

რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, მაია ჩხაიძის განცხადებით, როდესაც მშობლები ბავშვები წითურა-წითელაზე ან ნებისმიერ სხვა ინფექციაზე ცრიან, მათ აზრად არ მოსდით, რომ ამ ვაქცინას შესაძლოა გართულება მოჰყვეს, ამ ფონზე კი გაუგებარია, რატომ უყურებენ ისინი ეჭვით კოვიდ-19-ის ვაქცინას, რომელმაც მრავალრიცხოვანი კვლევები გაიარა.

ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მართალია, ვაქცინის კვლევების პროცესში აცრილ ბავშვებში გარკვეული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა, კერძოდ მიოკარდიტის, თუმცა მილიონ აცრილ ბავშვზე 54 ასეთი შემთხვევა იყო, და მათ შორის ბიჭები სჭარბობენ, თუმცა, მედიკოსის განცხადებით, ეს გვერდითი მოვლენა ძალიან მსუბუქი იყო და რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ ალაგდა.

რაც შეეხება 5 წლიდან ბავშვების აცრას, რაც რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაია ჩხაიძის თქმით, საქართველოში ამ ასაკის პირების აცრა ჯერ არ განიხილება და გაცილებით პრიორიტეტულია 12 წლიდან ასაკის ჯგუფი.

„სკოლების და ბაღების გახსნამ გვიჩვენა, რომ ჯერ ბაღები დაიკეტნენ, იმიტომ, რომ ბაღების პედაგოგების დიდი ნაწილი აუცრელია, სკოლებში უფრო კარგი მდგომარეობაა. ამიტომ, უნდა დავარწმუნოთ მშობლები, რომ აიცრან და აცრან 12 წლის და უფროსი ასაკის შვილები,“- განაცხადა ჩხაიძემ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …