დღეიდან საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაა შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო.
მანამდე აღნიშნული ასაკის ჯგუფში იმუნიზაცია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის იყო დაშვებული.
თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვების იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელის მაია ჩხაიძის განცხადებით, მშობლების ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი არ იძლევა საფუძველს ველოდოთ, რომ ბავშვების იმუნიზაცია აქტიური იქნება.
„მშობლები იმაში ვერ დავარწმუნეთ, რომ თავად აცრილიყვნენ. ამიტომ ეჭვი მეპარება, რაც უნდა კამპანია ჩავატაროთ, სკეპტიკურად ვუყურებ, რომ დათანხმდებიან შვილების აცრას. მეგონა, რომ ძალიან დიდი სურვილი ექნებოდათ რისკჯგუფებში შემავალი ბავშვების მშობლებს და აცრიდნენ შვილებს, მაგრამ 100-ზე ცოტა მეტი ბავშვია აცრილი ამ კატეგორიიდან,“- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კორონავირუსი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურად ვრცელდება, ამ ასაკობრივი ჯგუფიდან ბევრ ბავშვს პატარა და-ძმებიც ჰყავს.
„რომ აიცრან მშობლები და ამ ასაკის ბავშვები, ამით დავიცავთ პატარებს, რომელთა აცრაც არაა დაშვებული,“ – აცხადებს მაია ჩხაიძე.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით კი, 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია. მისივე განცხადებით, მედიკოსებს არ აქვთ ილუზია,
რომ ეს იქნება იმუნიზაციის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი ელოდებოდა ამ ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის დაშვებას.
ამასთან, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაციაა, რადგან სწორედ მათ შორისააა გარდაცვალების ყველაზე მეტი რისკი.