პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არცერთი არ იყო. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „COVID-19 საქართველოში (მეშვიდე გადახედვა)“, რომელიც ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული: 2020 წელს – 45 516, 2021 წელს – 39 829. ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა – 7 338-ია ანუ ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%.
ორსულებში დასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შედა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია, კერძოდ, ასკობრივ ჭრილში, ორსულებს შორის აცრილთა მაქსიმალური წილი – 15%, 40-44 წლის ასაკის ფეხმძიმეებს შორისაა.
COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი – 0.23%.