„მოსახლეობას კორონა გენოციდი ემუქრება” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი დევი ტაბიძე აცხადებს.
მისი თქმით, ციფრები საგანგაშოა და პიკურ მდგომარეობას იმეორებს. ტაბიძე ამბობს, რომ არსებულმა ციფრებმა მოსახლეობას უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა მართლაც რთულია და საქმე გვაქვს არაორდინალურ ვირუსთან, რომელმაც, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოავლინოს ახალი შტამი.
დევი ტაბიძის განცხადებით, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ კოვიდ 19-ს შეერია სეზონური ვირუსებიც და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა, რაც ავადობის მაჩვენებელს ზრდის და თუ საზოგადოება არ იქნება ორგანიზებული, უახლოეს დღეებში 7 ათასამდე ინფიცირების ფაქტს მივიღებთ.
ექსპერტის თქმით, სპეციალისტები ელოდებოდნენ, რომ დღიური შემთხვევები 3-დან 5 ათასამდე დასტაბილურდებოდა, მაგრამ რაოდენობა გაიზარდა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
„პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ 10 ათასობით და 50 ათასობით ადამიანის შეკრება არის პროვოცირების ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი,“- განაცხადა დევი ტაბიძემ.
„მაქვს დრამატული მოლოდინი“- ამ განცხადებას კი მცხეთის კოვიდცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი ლიკა მუმლაძე აკეთებს. მისი თქმით, მცხეთის კლინიკა ამ ეტაპზე 100%-თაა დატვირთული და მათ შორის ბევრი მძიმე პაციენტია.
ლიკა მუმლაძე ასევე ამბობს, რომ სეზონური ვირუსების გამო მოსალოდნელია საწოლფონდის გადატვირთვა. მისივე თქმით, დაწყებული მეხუთე ტალღა აჩვენებს, რომ კორონავირუსი ყველა ასაკის ადამიანს აავადებს და ასაკოვანსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის დამძიმების თანაბარი რისკებია.