მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიზნესი “მწვანე პასრპორტის” და “მწვანე ზონების” ამოქმედებას ითხოვს

ბიზნესი “მწვანე პასრპორტის” და “მწვანე ზონების” ამოქმედებას ითხოვს

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიზნესსაქმიანობის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის მწვანე, უსაფრთხო ზონის შექმნა უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

„ურთულესი ვითარება გვაქვს და ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა. ვინაიდან ქვეყანაში ვაქცინაცია შეფერხებით მიმდინარეობს, აუცილებელია მწვანე ზონების შექმნა. ეს გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში, იქნება შესაძლებლობა, ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა იმოქმედოს რეგულაციების გარეშე. დღეს რაც შემაფერხებელია და რეგულაციების ფარგლებში ხდება, მაგალითად, ივენთები, ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიება, კოვიდპასპორტისა და მწვანე ზონის შემთხვევაში, უფლება მიეცემათ, რეგულაციების გარეშე გასწიონ თავიანთი საქმიანობა. უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას უსაფრთხო ზონები, სადაც ადამიანები ნორმალურ რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას. დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მიმართულებას, არის საფრთხის შემცველი. მწვანე ზონის შექმნა აუცილებლად დაეხმარება იმუნიზაციის პროცესის განვითარებას.

მწვანე ზონა ნიშნავს, რომ ადამიანი იყოს აცრილი, კოვიდგადატანილი, ჰქონდეს 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათში სწრაფი ტესტი. ეს არის ძირითადი პირობები, რომლითაც შეიქმნება ზონა, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. უნდა მივაჩვიოთ საზოგადოება, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ამით ავტომატურად ფიქრობ დანარჩენ საზოგადოებაზე. თუ გარკვეულწილად შეუთანხმებლობა არსებობს საზოგადოების ერთ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის, სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია, რომ დადგეს სწორი, ნათელი გადაწყვეტილების მხარეს. ამისთვის მოქმედებს სახელმწიფო. ველოდები, რომ არჩევნების შემდეგ ეს ნაბიჯები გადაიდგმება და ადამიანებს სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მწვანე ზონების ინიციატივის არსი ისაა, რომ ობიექტზე დაიშვება მომხმარებელი, რომელსაც „კოვიდპასპორტის“ წარდგენისას სპეციალური სისტემა „გაამწვანებს“. „,მწვანე“ სტატუსი ნიშნავს, რომ ადამიანი შემდეგი კრიტრეიუმებიდან ერთერთს მაინც აკმაყოფილებს: ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვს სწრაფი კოვიდ-ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული პისიარ-კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 6 თვეში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, არის ორჯერადად ვაქცინირებული. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ინიციატივას სარეკომენდაციო ხასიათისაა. რეკომენდაციის თანახმად, ობიექტებმა საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვან მომხმარებლები, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით, უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, მათ სისტემა „გააწითლებს.“ ფერაძის თქმით, ბიზნესსუბიექტების ნაწილმა უკვე გამოთქვა დაინტერესება აღნიშნული სისტემის დანერგვისადმი. მას შემდეგ, რაც სისტემა პრაქტიკაში დაიწყებს მუშაობას, მოხდება ანალიზი და ამის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს აღნიშნული სისტემის ვალდებულების სახით შემოღების შესახებ. ფერაძის თქმით, ახლო პერიოდში გაჩნდება აპლიკაციის სახით ჩამოტვირთვის შესაძლებლობა. ბექა ფერაძის განმარტებით, აღნიშნული სისტემის გამოყენება ნებისმიერ ობიექტზე, ასევე ტრანსპორტშია შესაძლებელი, თუმცა გადაწყვეტილებას მისი ამა თუ იმ სეგმენტში დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იღებს.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდპასპორტის ამოქმედების ინიციატივა უკვე წარუდგინეს საკოორდინაციო საბჭოს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …