ერთპიროვნულად არავინ წყვეტს ამ საკითხს – ჩვენ საკოორდინაციო საბჭოზე ვმსჯელობთ და შემდეგ ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.
ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.
„საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია.
ჩვენ ვაწარმოებთ არაერთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც, ძირითადად, დაყრდნობილია საინფორმაციო კამპანიასა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც იძლევა გარკვეულ ეფექტს და ამ ეტაპზე ჩვენ იძულებითი ვაქცინაციის საფუძველს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, covid-პასპორტების საკითხს ხვალ უწყებათშორისი საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„covid-პასპორტებთან მიმართებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარები ხვალ საბჭოზე გაჟღერდება და მის შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავაცხადებთ“, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.