“დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “მწვანე პასპორტის” შესახებ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ვერ დაასახელებს დროს, როდის ამოქმედდება აღნიშნული მექანიზმი.
გამყრელიძე ამბობს, რომ მსოფლიოში “მწვან პასპორტის” მექანიზმის სხვადასხვა მიდგომაა და და საუბარია იმაზე, რომელს აირჩევს საქართველო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, ე.წ. “მწვანე პასპორტების” ფართოდ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზია აუცილებელია, რათა ამან საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.
მინისტრის მოადგილის თქმით, “მწვანე პასპორტების” პრაქტიკა გარკვეული მიმართულებებით უკვე გამოიყენება – მაგალითად, კონფერენციებზე, ტრენინგებსა თუ სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეობა-დასწრებისას.
„რაც შეეხება მის ფართოდ გამოყენებას, ამაზე მუშაობა ექსპერტებთან ერთად მიდის; ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე აღსრულების ნაწილის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი, რათა არასასურველი თანმდევი ეფექტები, უკმაყოფილება, ასევე გაყალბების საფრთხეები არ გამოიწვიოს. სხვა ქვეყნებმა ეს გამოიარეს, ასე რომ, როდესაც ყველა ეს რისკი გადაზღვეული იქნება, ამაზე უფრო აქტიური საუბრისთვის მზად ვიქნებით და საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ “მწვანე პასპორტის” პრინციპი გულისხმობს აცრილი, ასევე ტესტირების უარყოფითი პასუხის მქონე ან ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილი ადამიანების დაშვებას სხვადასხვა ისეთ ღონისძიებაზე ან დაწესებულებაში, სადაც დასახელებული პირობების არმქონდე ადამიანები არ დაიშვებიან.
რაც შეეხება დღევანდელ კოვიდსტატისტიკას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საწოლფონდი თავისუფალი თბილისსა და აჭარაშია. თუმცა, გაბუნიას თქმითვე, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი დაბალია.
„დღევანდელი მდგომარობით აქტიური შემთხვევა 46 872-ია, აქედან 5 679 პაციენტი, ანუ საერთო შემთხვევების 12% მკურნალობას ჰოსპიტალში იტარებს, 1 300 პაციენტი კი კოვიდსასტუმროებშია, დანარჩენი ბინაზე რჩება და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მძიმე პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჟანგბადი სჭირდება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება 1 300-ია, აქედან რეანიმაციაში 269 პაციენტია. ვაქცინაციის ე.წ. მარათონი ორშაბათიდან 50 შერჩეულ სოფელში დაიწყო, აქტიურობა არის რიგ სოფლებში, ზოგან – ნაკლები, ზოგან – მეტი, საბოლოო ჯამში, გუშინ, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 5 500-მდე აცრა, რაც კვლავაც დაბალი მაჩვენებლია და მთავარი პრიორიტეტი ახლა ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, სხვა ტალღებთან შედარებით, ახლა ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, რასაც მინისტრის მოადგილე ვაქცინაციის ფონს უკავშირებს.
„ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 12-ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა, ეს გარკვეულწილად ვაქცინაციის ფონიდან გამომდინარეა და ასევე შესაძლოა, შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით, 9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის შუა პერიოდში, პიკურ პერიოდში, მობილიზებული დარჩა, აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე დღეს, თბილისში და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის ვიყენებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.