ერმა განათლებისკენ მიდრეკილება შეაჩერა და სხვა მიმართულებით წავიდა – ამ განცხადებას ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ვაქცინაციის დაბალი ტემპების შეფასებისას აკეთებს.
არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, გადელია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ნოემბერში იგივე სიტუაცია გამეორდეს, რაც შარშან ნოემბერში იყო.
„ჩემდა ძალიან სამწუხაროდ, ერმა, რომელსაც მეგონა, რომ სწრაფვა ჰქონდა განათლებისკენ, რომლითაც ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ, განათლებისკენ მგონი მიდრეკილება შეაჩერა და სხვა მიმართულებით წავიდა. რა შეიძლება იყოს აცრების მოტივაცია? ფინანსური მოტივატორები შემოიღეს – ამის იქით კი ორი მოტივატორი არსებობს: ერთია თაფლაკვერი და მეორე მათრახი. თაფლაკვერი არ ჭირს ხალხზე, მათრახის კი წინააღმდეგი ვარ. მართლა არ ვიცი, რა ვთქვა. რატომ მოხდა ვაქცინაციის შეჩერება ამ ნიშნულზე? ესაა ის კრიტიკული მასა, რომლის იქითაც აღარ ესმით ადამიანებს, რომ ეს არის აუცილებელი სხვისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის. რომ ეს გამოიწვევს დიდ უბედურებას – ბავშვების სახლში დარჩენას, რომლებსაც სკოლა არ ეღირსებათ, გამოიწვევს სიკვდილს. ძალიან კარგი ადამიანი გარდაიცვალა, როცა მისი ოჯახის წევრებს ვკითხე, რატომ არ იყო აცრილი, მიპასუხეს, რომ რაღაცას ელოდებოდნენ. რას ელოდებით, ხალხნო, რომ სიკვდილი სახლში მოგაკითხავთ?
ვაქცინა არის კაცობრიობის გონის მონაპოვარი, რაც უხილავ დიდ მტერთან ბრძოლაში ვიყენებთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ვირუსი კლავს!“ – განაცხადა გადელიამ.
მისივე განცხადებით, შეუძლებელია, ვაქცინამ ადამიანს ზიანი მიაყენოს. ერთადერთი, რაც შეიძლება იშვიათ შემთხვევებში მოხდეს – რომ მან არ იმუშაოს. „ მე ორშაბათს ვაპირებ ბუსტერ-დოზით აცრას. ჩემ მაგალითს გეტყვით: მე ვაქცინაციით დავიცავი თავი. მიშველა ვაქცინამ და პირბადემ. ვაქცინას არაფრის დაშავება არ შეუძლია,“- განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა.
მისივე თქმით, კლინიკა გადატვირთულია. ორიოდე კვირის წინ გამოჩნდა თავისუფალი ადგილები და იმედიანად იყო, თუმცა ახლა არცერთი ადგილი არ გვაქვს.
„ისევ ის ნოემბერი შეიძლება მოვიდეს, რაც შარშან ნოემბერში იყო – საშინელი, მძიმე ვითარება. კაცობრიობა გადასარჩენად იბრძვის და ამ დროს არიან ადამიანები, რომელთა პოზიციაც არ მესმის. არც მჯერა, რომ ვინმეს სჯერა, რომ ვაქცინა „სატანისტურია“.
ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი, იკლებდა ინფიცირება, ყველაფერი სიკეთისკენ მიდიოდა და როგორც კი შევარბილეთ რეგულაციები, გაიზარდა მობილობა და სკოლები გაიხსნა, ყველამ ყველაფერს დაანება თავი,შეამცირა პირბადეების რაოდენობა. ეს ძალიან დამთრგუნველია,“ – განაცხადა გადელიამ.