მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ქვეყანას აგვისტოს მძიმე სცენარი ემუქრება – ეპიდსიტუაციის ინდიკატორებში საგანგაშო ცვლილებებია

ქვეყანას აგვისტოს მძიმე სცენარი ემუქრება – ეპიდსიტუაციის ინდიკატორებში საგანგაშო ცვლილებებია

ბოლო დღეებში ეპიდსიტუაცია სულ უფრო უარესდება. ეპიდემიოლოგები არსებულ მდგომარეობას ფეთქებადსაშიშს უწოდებენ.

სტატისტიკა ადასტურებს, რომ რამდენიმე ინდიკატორი საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. კერძოდ, იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა და ის 20585-ს აღწევს, კვირის დასაწყისში კი ეს მონაცემი 16596 იყო.

მომატებულია ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი -RT, რომელიც ერთი ადამიანის მიერ სხვა პირების დაინფიცირების სიხშირეს ასახავს. რამდენიმე კვირის წინ ეს მაჩვენებელი 0,8 იყო, დღეს კი 1.27-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე თბილისში, კოვიდ 19-ის შემთხვევების გამოვლენის გამო, 20-მდე ბაღია დახურული. ვრცელდება ინფორმაცია სკოლებში, ცალკეული კლასების თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებაც, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხით სტატისტიკა უცნობია.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა.

როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საყურადღებოა, რის გამოც აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის ტემპის მაქსიმალურად გაზრდა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. ჯერჯერობით, ეს არ ასახულა უფრო მეტ მიმართვიანობაში, საწოლფონდის დატვირთვაში. 4 ათასზე მეტი საწოლია თავისუფალი. ასე რომ, ამ მხრივ ჯერჯერობით პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ დონეზე დარჩა ან გაიზარდა, ჩვენ იგივე მდგომარეობას დავუბრუნდებით, როგორშიც აგვისტოს დასაწყისში ვიყავით“, -განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩნდება რისკი, რომ მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება.

კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის ერთდროული არსებობა, კორონავირუსის შემთხვევაში ზრდის მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისა და გარდაცვალების რისკს, ამიტომ ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც, რაც ავტომატურად გულისხმობს კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად, გრიპის ვაქცინის გაკეთების აუცილებლობას. ამ ორი ვაქცინის ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, გრიპის ვაქცინების პირველი პარტია უკვე საქართველოშია.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …