ვაქცინაციის დაბალი ტემპების გამო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ფეთქებადსაშიში ხდება – ამის შესახებ სპეციალისტები აცხადებენ.
იმუნიზაციის საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება და ამ ციფრების შემცირების ერთადერთი მექანიზმი არის ვაქცინაცია, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ მოიმატოს, ყოველდღიურად იკლებს.
„ თუ ვაქცინაციის ტემპები ასეთი ნელი დარჩება, შევეგუოთ, რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელიც მაღალი იქნება მომდევნო დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კი მიიჩნევს, რომ ყოველდღიური ინფიცირების 2-3 ათასი შემთხვევის პირობებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. ის არ გამორიცხავს, რომ ეს მონაცემი კლებისკენ წავიდეს, მაგრამ ხედავს იმის რისკსაც, რომ ციფრები გაიზარდოს და მეხუთე ტალღა მივიღოთ.
„ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს სამი ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი.
დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 პროცენტიან აცრას. ჩვენ სულ 20 პროცენტი გვყავს სრულად ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 პროცენტი ჰყავს სამჯერ აცრილი. საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან, წირავენ სასიკვდილოდ. პირდაპირ საბოტაჟს უწევს მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.