მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ბავშვები პირბადის ხანგრძლივი ტარების შემდეგ ჰაერზე გაიყვანონ

პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ბავშვები პირბადის ხანგრძლივი ტარების შემდეგ ჰაერზე გაიყვანონ

სკოლიდან დაბრუნების შემდეგ,  სადაც პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის პირველი კლასიდანვე სავალდებულოა, კარგი იქნება, თუ ბავშვებს სუფთა ჰაერზე გავასეირნებთ. ამის შესახებ პედიატრი ნინო თოთაძე აცხადებს. მისი თქმით, პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ეს სასიამოვნო პროცესი არ არის და ვერ ვიტყვით, რომ ადამიანი პირბადით იმაზე უკეთ სუნთქავს, ვიდრე მის გარეშე. ამიტომ პედიატრის რჩევაა, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მოზარდი სუფთა ჰაერზე, ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით გავასეირნოთ. ექიმის თქმით, პირბადის ტარება არ არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა დაინფიცირების რისკებთან შედარებით მისი ხმარება სრულიად გამართლებულია.

მედიკოსის თქმითვე, ის მიესალმება ბავშვების საკლასო ოთახებში დაბრუნებას, თუმცა მათ მშობლებმა კარგად უნდა აუხსნან უსაფრთხოების წესები, მათ შორის პირბადის სწორად ტარებისა და ხელების დამუშავების რეკომენდაციები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, უფროსი ასაკის ადამიანები – როგორც სკოლის პერსონალი, ისე ბავშვების ოჯახის წევრები, აცრილები იყვნენ.

ექიმის განმარტებით, საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარების რეკომენდაცია არ არის, სასკოლო ასაკის ბავშვები კი, მათთან სწორი კომუნიკაციის პირობებში, ძალიან პასუხისმგებლობით ასრულებენ მითითებებსა და უსაფრთხოების წესებს.

პედიატრი ლაქტაციის პერიოდის თემაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ მსოფლიოში, ძუძუთი კვების პერიოდში დედების ვაქცინაციის დაწყებიდან უკვე საკმაო დრო არის გასული და არსებობს საკმარისი მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.

„ჩატარებულია ბევრი კვლევა და დიდი პერიოდიცაა გასული იმისთვის, რომ თუკი რაიმე უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა ყოფილიყო,  უკვე უნდა გვქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია. დადასტურებულია, რომ დედის რძით ვირუსის მისხალიც არ გადასულა ბავშვებში, თუმცა დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელიც იყო, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს,“- აცხადებს თოთაძე. მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ ბავშვის ორგანიზმში, ვაქცინირებული დედის რძის საშუალებით კორონავირუსისგან დამცველი ანტისხეულები ხვდება. მართალია, ჩვენ არ ვიცით კონკრეტული ციფრები, თუ რა პროცენტულობითა და პერიოდულობით იცავს ის ჩვილს, თუმცა ნათელია, რომ ისინი გარკვეული პერიოდით ბავშვს საკმაოდ მაღალ დაცვას აძლევს.

„ყველა ის ორსული, რომელიც კორონავირუსის გამო დავკარგეთ, დიდი ტრაგედიაა. ბევრი ახალშობილი დედის გარეშე დარჩა. ვაქცინების საშუალებით კი დიდ პროცენტში ეს პრობლემა მოიხსნებოდა. დიახ, ეს არაა წლების კვლევების შედეგები, მაგრამ ქვეყნებს, რომლებშიც ეს კვლევები ტარდება, ჯანმოსა და ამერიკის პედიატრიის აკადემიას თავიანთი მოსახლეობა, პატარები და დედები ძალიან უყვართ და მათ დაადასტურეს, რომ აცრილი დედის რძე სრულიად უსაფრთხოა ჩვილისთვის,“- აცხადებს პედიატრი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …