მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დელტა-შტამი ფილტვებზე ფიბროზულ ცვლილებებს ადრეულ ეტაპზე იწვევს – ექიმის რჩევები კოვიდ-გადატანილებისთვის

დელტა-შტამი ფილტვებზე ფიბროზულ ცვლილებებს ადრეულ ეტაპზე იწვევს – ექიმის რჩევები კოვიდ-გადატანილებისთვის

კოვიდ- გადატანის შემდეგ, ფილტვზე ფიბროზული ცვლილებები უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება, ვიდრე მანამდე, ექიმების მიერ არაერთგზის ნანახი პნევმონიის დროს. განსაკუთრებით ეს დელტა შტამს ახასიათებს – ამის შესახებ რადიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ნიკოლოზ საინიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელების შემდეგ მსგავსი ცვლილებები თავად ალაგდება, თუმცა ეს პროცესი დაჩქარდება თუ კოვიდგადატანილი ადამიანი ამას თავად შეუწყობს ხელს სუნთქვითი ვარჯიშებით, სუფთა ჰაერზე ყოფნითა და ცხოვრების აქტიური წესით.

საინიშვილმა ასევე განმარტა, რამდენად გამართლებულია ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობის შეფასება ფილტვის დაზიანების ქულებით. მისი თქმით, ქულები არა-ექიმისთვის სიმძიმის აღმნიშვნელი ტერმინი ვერ იქნება, რადგან ქულები კოვიდპნევმონიის კლასიფიკაციისთვის იქნა მოგონილი, მანამდე კი არანაირი პნევმონია – არც ვირუსული და არც ბაქტერიული –  ქულებით არ ფასდებოდა. მედიკოსის განმარტებით, ქულები შემოღებულ იქნა იმისთვის, რომ პანდემიის ძალიან ფართო გავრცელების დროს სტატისტიკური კლასიფიკაცია გაადვილებულიყო.

„თუ შევხედავთ რანდომულ რადიოლოგიურ დასკვნებს, მათში აღნიშნულია ქულები, თუმცა იქვეა აუცილებლად დაკონკრეტებული, თუ რა სახის დაზიანებაა – ესაა ინფილტრაციის ფაზა ანუ საწყისი ეტაპი, თუ ფიბროზის ანუ ნაწიბუროვანი ცვლილებების ფაზა,“ – აღნიშნა რადიოლოგმა.

მისი თქმით, ქულით ფასდება ფილტვის დაზიანებული ფართობი. მაქსიმალური დაზიანება არის 25 ქულა – მარჯვენა ფილტვის სამივე წილიდან თითოეულის მაქსიმალური დაზიანება ფასდება 5 ქულით, მარცხენა ფილტვის ორი წილიდან კი ასევე თითოეულის მაქსიმალური დაზიანება ფასდება 5 ქულად. ამიტომ, შესაძლოა, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის სრული დაზიანება გვქონდეს ან ფიქსირდებოდეს ზედა წილის სრული ანუ 5-ქულიანი დაზიანება, რაც საკმაოდ მძიმე პნევმონიაა ამავე დროს, შესაძლოა ასევე 5-ქულიანი დაზიანება გვქონდეს, თუმცა ეს იყოს  ორივე ფილტვის ხუთივე წილში ძალიან მცირე, თითო ანთების კერა, გაფანტულად. ქულებით რომ შევადაროთ, ეს ერთი და იგივეა, ამიტომ არასპეციალისტისთვის მხოლოდ ქულებით შეფასება არარელევანტურია. ამასთან, ნიკოლოზ საინიშვილის თქმით, თუ ცნობილია ვირუსის გავრცელება და ფაზა, უკვე შესაძლოა დაავადების სიმძიმეზე მსჯელობა.

მედიკოსის თქმით, 24 და 25 ქულიანი დაზიანება  უკვე სერიოზული რეანიმაციული კონტინგენტია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …