კერძო სექტორმა წელს, შესაძლოა, გრიპის ვაქცინები შარშანდელთან შედარებით მკვეთრად შემცირებული რაოდენობით შემოიტანოს. მიზეზი შარშანდელი წლის გამოცდილებაა, როდესაც, სხვადასხვა მიზეზით, ვაქცინების შემოტანა დაგვიანდა და პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა.
როგოც jandacva.ge-სთან კლინიკებისა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ, შარშან, გრიპის სეზონის დასაწყისში მომხმარებლების მხრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოთხოვნა მაღალი იყო, თუმცა, ვაქცინების მეორე ნაწილის შემოტანის შემდეგ, როდესაც ვაქცინაციის ვადები უკვე გასული იყო, ათასობით პრეპარატი გამოუსადეგარი გახდა.
კომპანია „ავერსში“ ამბობენ, რომ სახელმწიფოს რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინები დიდი რაოდენობით აქვს დაკონტრაქტებული, მწარმოებელი კი აცხადებს, რომ ვაქცინების კერძო სექტორისთვის მიწოდების საკითხს სახელმწიფო შეკვეთის დაკმაყოფილების შემდეგ განიხილავენ.
„ავერსში“ აცხადებენ, რომ შარშან 20 ათასამდე ვაქცინის იმპორტი განახორციელეს და მათგან 9 ათასი გამოუსადეგარი დარჩათ, რადგან ვაქცინები დაგვიანებით მიიღეს და მოსახლეობის მხრიდანაც იმ პერიოდისთვის მოთხოვნა აღარ იყო. ამიტომ, კომპანიის ინფორმაციით, წელს სავარაუდოდ, ასობით ვაქცინას მიიღებენ, თუმცა მასშტაბური შესყიდვა, დიდი ალბათობით, აღარ მოხდება.
საკუთარი დაზღვეულებისთვის გრიპის ვაქცინების შესყიდვას არ გეგმავს სადაზღვევო კომპანია „არდი,“ სადაც აცხადებენ, რომ შარშან მომხმარებლისთვის ვაქცინები შეიძინეს და მაღალ მოთხოვნასაც ელოდებოდნენ, თუმცა 26 ათასი დარეგისტრირებულიდან ვაქცინაციაზე მხოლოდ 6 ათასი ადამიანი გამოცხადდა. კომპანიაში ამბობენ, რომ წელს სატელეფონო ზარების საშუალებით ვაქცინაზე მოთხოვნა აღარ ფიქსირდება. კომპანიაში ამბობენ, რომ კოვიდ და გრიპის ვაქცინების ერთდროულად გაკეთების მსურველების პრაქტიკულად არ არიან, ამასთან, კომპანია კოვიდის საკითხებზეა გადართული და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გრიპის ვაქცინებს წელს აღარ შეიძენენ.
„ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელში, რომელიც „კომერციული“ ვაქცინის ძირითადი შემომტანია, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინების მიღების ვადების ან შემოსატანი დოზების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან მომწოდებლები აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფოს დაკვეთა უნდა შეასრულონ. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ შარშან, კოვიდპანდემიის ფონზე, გრიპის ვაქცინაზე გაზრდილი მოთხოვნისა და სხვა გარემოებების გამო, მწარმოებელმა ვაქცინების პირველი ნაწილის მოწოდება ნოემბერში მოახერხა, მომდევნო პარტია კი დეკემბერში შემოვიდა, რაც დაგვიანებული ვადებია. დაგვიანების გამო კი დეკემბერში ვაქცინების გარკვეული ნაწილი გამოუსადეგარი გახდა. ამიტომ, მათი თქმით, თუ მოწოდება წელსაც დაგვიანდება, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს საკითხი, რამდენად მიზანშეწონილია პრეპარატის იმპორტის განხორციელება. თუმცა ამ ეტაპზე ისინი მწარმოებლების პოზიციას ელოდებიან.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაკონტრაქტებულ ვაქცინებს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 200 ათასი დოზიდან 150 ათასი დოზა ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. 43 ათასი დოზა კი უკვე საქართველოშია და აცრებიო უკვე ამ კვირიდან დაიწყება. საუბარია რისკჯგუფებზე, რომელშიც შედის სამედიცინო პერსონალი, ორსულები, დიალიზზე მყოფი მოქალაქეები.
ექიმების რეკომენდაციით, გრიპისა და კოვიდვაქცინის გაკეთებას შორის ინტერვალი შეუზღუდავია და ორივე აცრის გაკეთება ერთდროულადაც შესაძლებელია.