მედიკოსების ნაწილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, ვაქცინაციის პუნქტები პენსიის გაცემის ობიექტებთან ახლოს გაიხსნას. ნევროლოგ ნონა მინდიაშვილის განცხადებით, კოვიდ 19 ყველაზე დიდ საფრთხეს ხანდაზმულებს უქმნის, რადგან მათ დიდ ნაწილს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნება. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ამ ასაკობრივი ჯგუფის იმუნიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისი აზრით, ვაქცინაციის პუნქტები ადამიანების საცხოვრებლებთან რაც შეიძლება ახლოს უნდა გაიხსნას.
„დროში გახანგრძლივებული ვაქცინაცია წარმოშობს ბევრ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჩვენ, შესაძლოა, ორ და სამ თვეშ ვერ გავუმკლავდეთ. ხანდაზმულები ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არიან, რადგან პარალელურად აქვთ დაავადებები, რომლებიც ართულებს კოვიდის მართვას და გამოსავალს. ამიტომ პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ აცრილები. ამცრელი პუნქტები რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს განთავსებული მათ საცხოვრებლებთან, სადაც ისინი ყველაზე ხშირად დადიან, იღებენ პენსიას, რათა იოლი იყოს მათთვის გადაადგილება და ამ სერვისის მიღება. პროცესში უნდა ჩაერთონ ოჯახის ექიმები,“ – განაცხადა ნონა მინდიაშვილმა.
მართალია, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, აცრის დაბალი მაჩვენებლის გამო, მდგომარეობის გაუარესების საფრთხე ისევ არსებობს.
“ყოველი ახალი ტალღა ახალი სიმძლავრით უტევს მოსახლეობას. კიდევ დაიტვირთება საწოლფონდი, კლინიკები. ხედავთ, რომ არიან გარდაცვლილები და ამის ერთადერთი პრევენცია მსოფლიოში ვაქცინაციაა. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპებმა ძალიან იკლო. მე ამ საკითხში მკაცრი ვიქნები: ადამიანი თავისუფალია საკუთარ ქმედებებში, მაგრამ როცა შენი ქმედება სხვას აზიანებს, უკვე თავისუფალი აღარ ხარ. არ აცრა კი აზიანებს ადამიანის ოჯახის წევრებს, გარშემომყოფებს…” – განაცხადა ინფექციური კლინიკის წარმომადგენელმა მაია ზალდასტანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა 6 617 ადამიანმა გაიკეთა.