თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დათქმულ დროს დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს საკლასო ოთახებში დაიწყება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში სწავლა ონლაინ, 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა ითქვა, რომ Covid-დადებითობის დღიური მაჩვენებლის 4%-მდე შემცირებისთანავე, სავარაუდოდ 4 ოქტომბერს, სწავლა სასწავლო ოთახებში გაიხსნებოდა. ამასთან ითქვა ისიც, რომ შესაძლოა სწავლა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში და ქალაქებში დაიწყოს – იქ, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი დაფიქსირდება.
ამ დროისთვის დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 6.61%-ია. თბილისში, 7 დღის ჭრილში ეს მონაცემი 4,6%-ია, აჭარაში 3,3. ყველაზე მაღალია ეს მონაცემი კახეთში, სადაც დადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 15,5%-ია.