მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სკოლებში სწავლა შეცვლილი კოვიდ-რეგულაციებით განახლდება

სკოლებში სწავლა შეცვლილი კოვიდ-რეგულაციებით განახლდება

სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განახლებული კოვიდ-რეგულაციები იმოქმედებს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო სივრცეში სწავლის განახლებასა და ვაქცინაციის საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, განახლებულ დოკუმენტს სკოლები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

დგებუაძე ამბობს, რომ რეგულაციებში დეტალურადაა გაწერილი სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს სკოლის კარის შეღების მომენტიდან, ასევე გაწერილია პროცედურები, რომლებსაც მოსწავლე და სკოლაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი გაივლის. განსაზღვრულია ჰიგიენური და სანიტარული ზომები, დასვენებების ორგანიზება, თერმოსკრინინგი, სიცხის დროს რა გზას გადის მოსწავლე, კომუნიკაცია მშობელთან, რა ხსნარებით და რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ოთახების დასუფთავება. ასევე რა რაოდენობის სასმელი წყალი  უნდა ჰქონდეს თითოეულ ბავშვს. ეკატერინე დგებუაძის თქმით, ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად გაკონტროლდება, რათა მოსწავლეები და სკოლის პერსონალი სკოლებში დაბრუნდეს  და ბავშვებმა დაიწყონ აქტიური ცხოვრება და სოციალიზაცია, სასწავლო პროცესი კი ეფექტიანი იყოს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მაღალი ინტერესია, რომ დავბრუნდეთ სკოლაში და ამავე დროს, შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ მდგომარეობაში.

სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნიას თქმით,  ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, სწავლა გაგრძელდება საკლასო გარემოში, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება.

„გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე წარიმართება. ამასთან, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.

ამ ეტაპზე 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ მხოლოდ აჭარაშია (3,6%), თბილისში ეს მონაცემი 5,3%-ს შეადგენს, ყველაზე მაღალი კი კახეთშია, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 15,4%-ია. ამ კუთხით მეორე ადგილზეა  შიდა ქართლი 13,1%-იანი მაჩვენებლით.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …