მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გრიპის ვაქცინების პირველი დოზები დღეს შემოვა – რა გავლენას ახდენს გრიპის აცრა კოვიდ 19-ზე?

გრიპის ვაქცინების პირველი დოზები დღეს შემოვა – რა გავლენას ახდენს გრიპის აცრა კოვიდ 19-ზე?

დღეს ქვეყანა გრიპის საწინააღმდეგო 50 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯამში, გრიპების სეზონისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ 200 ათასი ვაქცინა აქვს შეკვეთილი, რაც რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ რაოდენობის 25%-ს კი დამატებით კერძო სექტორი შემოიტანს. აღნიშნული ვაქცინები მსურველებისთვის კომერციულ სექტორში, გარკვეული ღირებულების საფასურად ჩატარდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 200 ათასი დოზიდან 150 ათასი დოზა ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, ისინი უახლოეს პერიოდში დასახელდება, თუმცა მან აღნიშნა, რომ საუბარია სამედიცინო პერსონალზე, ორსულებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებსა და სხვა პირებზე.

რაც შეეხება კოვიდ ვაქცინის გაკეთებიდან გრიპის აცრის გაკეთების ვადებს, გამყრელიძის თქმით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციაა, ორივე ვაქცინა ერთდროულად, ორივე მკლავზე გაკეთდეს. თუმცა ახლა ქვეყანა რეკომენდაციებს ჯანმოსგან ელოდება.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, დღეს არსებული პუბლიკაციები მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა შეიძლება შეამციროს.

ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი ზამთრის პერიოდში აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 ან მე-4 ტალღის შემთხვევაში იყო.

„მე-5 ტალღა არ იქნება განპირობებული ახალი მუტაციით, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ის არ იქნება ისეთი მძიმე და სერიოზული, როგორიც აგვისტოს პიკი იყო. ველოდებით, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად შესაძლებელია იყოს შემთხვევების სეზონური მატება, ზამთრის განმავლობაში დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს. დახურულ სივრცეში კი ნიღბის ტარება ვერ ვისწავლეთ, შესაბამისად, ინფექციის გავრცელების რისკი აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 ან მე-4 ტალღის შემთხვევაში იყო. მატების განსაზღვრა როდის მოხდება რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსების სეზონი 3 ოქტომბრიდან იწყება. ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, ორივე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ერთდროულად – ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია გრიპის შემთხვევების მატებასთან, ყველაზე უპრიანია, თუ რიკის ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ოქტომბრიდან დავიწყებთ. როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, იქ რისკის ჯგუფები მეტწილად არ თანხვდება კორონავირუსის რისკის ჯგუფებს. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს. მსგავსი რისკის ჯგუფები არის ორსულები, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის დროს ორსულებში ვაქცინაცია არის აუცილებელი, ასევე ხანში შესული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

პუბლიკაციები, რომლებიც დღეს გვაქვს, მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება შეამციროს კორონავირუსით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა ანუ თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, მასთან კორონავირუსი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, კონკრეტულად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსის დაავადების დროს გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შეიძლება 24% – ით შეამციროს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …