მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიის მე-5 ტალღაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიის მე-5 ტალღაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მისი თქმით, პანდემიის მეხუთე ტალღასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეული საუბრები არის თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახლა საქართველოში არაერთი კვლევა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ  როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან.

„მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ . მაღალია  ლეტალობის მაჩვენებელიც“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ვაქცინაციის კამპანიის “მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსაც  შეხვდა.

„ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობს. სამეგრელოში ვაქცინირებული მოსახლეობის 11%-ია. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი  რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს ზემოთ მყოფ  მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …