კოვიდ 19-ის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის – ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისა და ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა საუბრობს. თუმცა, ამის მიუხედავად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არსებობს ანტივაქსერული მოძრაობები. ამ ფონზე საინტერესოა მკითხველისთვის ისტორიული ფაქტების მოშველიებით იმის შეხსენება, რომ ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აცნობიერებდნენ და მას სასიკვდილო ინფექციებისგან გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევდნენ. ამ ფაქტებს შორის არის საქართველოში მომხდარი მოვლენებიც. ისინი ისტორიკოსმა შალვა ნაკაიძემ მოიძია.
1772 წლის 11 მაისს, ბატონიშვილი იულონი ყვავილზე აცრეს. მეფე ერეკლე ყვავილის აჭრის (აცრის) და თბილისიდან გახიზვნის თაობაზე ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს რევაზ ამილახვარს წერდა: „ჩვენს შვილს იულონს ყვავილი ავუჭერით და გაცხელებული არის“. წერილიდან ჩანს, რომ ხალხი ყვავილის ინფექციის გავრცელებით დაშინებული იყო და გარბოდა. 1770 წელს შავმა ჭირმა თბილისის 20,000 მოსახლიდან, 4000 შეიწირა. უფლისწულის აცრით, მეფემ ხალხს მაგალითი მისცა, რათა შიშები გაეფანტა. ამცრელები კათოლიკე მისიონერები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთაც თბილისის მოსახლეობაც უნდა აეცრათ. სამეფო ოჯახს ყვავილთან მიმართებაში უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა. 1758 წელს ის შეეყარა ბატონიშვილ გიორგის საპატარძლოს, ჩერქეზ პრინცესას, რომელიც თბილისში იზრდებოდა. გოგონა სამშობლოში წაიყვანეს აცრის გასაკეთებლად, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ ვოლტერმა 1742 წელს XI წერილში ახსენა ჩერქეზებს შორის გავრცელებული პრაქტიკა, რაც ყვავილზე აცრას გულისხმობდა. შვედეთის მეფის ფრანგი აგენტი Aubrey de La Mottraye ჩერქეზთა მიწებს სტუმრობდა და ყვავილის აცრის ჩატარების მოწმეც გახდა: „ოთხი წლის გოგონა სამი წლის ბიჭთან მიიყვანეს, რომელსაც იარები [ყვავილის] უკვე გამიზეზებული (დაჩირქებული ) ჰქონდა. ხნიერმა დედაკაცმა მოიმარჯვა კონად შეკრული სამი ნემსი, რითაც გოგონას 5 ნაჩხვლეტი გაუკეთა, სისხლი გამოადინა და მხოლოდ შემდეგ შეაზილა სნეული ბავშვის ჩირქგროვებიდან აღებული მასალა მის სხეულს“.
იმავე 1772 წელს, თბილისში ყოფნისას ყვავილის აცრა აღწერა იოჰან ანტონ გიულდენშტედტმა: „ამცრელი უკეთებდა დიდი დანის წვერით ცერსა და საჩვენებელ თითს შორის ღრმულში ზედაპირულ, სისხლიან, ჯვრის ფორმის ჭრილობას. ის აწობდა დანის წვერს რქაში, სადაც ყვავილის შრატი იყო, წმენდდა სისხლის ბამბით და უსვამდა ჭრილობაზე მოწამლულ დანას, ადებდა ზედ ბამბას და უხვევდა ნაჭრით. 15 მაისს 100-ზე მეტ ბავშვს აუცრეს ყვავილი, ხოლო მე განსაკუთრებით ვადევნებდი თვალყურს ჩემი სახლის პატრონის 6 წლის ჯანმრთელ ბიჭუნას [აცრილ] და გოგონას, რომელიც ჯერ წლისაც კი არ იყო. 19 მაისამდე გამოჯანმრთელდნენ, ამასთან ჭრილობაზე გაჩნდა სამი ნაყვავილარი. 22 მაისს ისინი ამოიბურცნენ და გათეთრდნენ. 23 მაისს კი გაერთიანდნენ. ბავშვები კი ავად არ იყვნენ, ხოლო მხიარული ბიჭუნა დარბოდა ფეხშიშველი“.
ეს ყვავილის აჭრა, რეალურად ვარიოლიზაციას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა ჯანმრთელი ადამიანის კანის გასერვას და ყვავილით დაავადებულის გამონაყარიდან აღებული მასალის ინოკულაციას (ჩათესვას). ვარიოლიზაცია საკმაოდ სარისკო მეთოდი იყო, რადგან საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, თან ლეტალურიც იყო და ყვავილზე აჭრილთა 2%-ს იწირავდა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადებას ძალზედ მაღალი ლეტალობა ჰქონდა და 40%-იან სიკვდილიანობამდეც კი აღწევდა, მაშინ გასაგები გახდება თუ რატომ ცრიდა ხალხი შვილებს. ამასთან დაავადებულთა თითქმის მესამედი თვალის სინათლეს კარგავდა. ეს სახადი, ვირუსგადატანილებს საშინელ იარებს უტოვებდა სხეულზე, თუმცა მათ იმუნიტეტიც უჩნდებოდათ.
მარტო XX საუკუნის მანძილზე, ცირკულაციის პერიოდში, ვირუსმა ასეულობით მილიონი ადამიანი შეიწირა – ზოგი მონაცემით 500 000 000 ინდივიდიც კი.
1776 წელს, ინგლისელი ნატურალისტი ედუარდ ენტონ ჯენერი გადაწყვეტს ჩაატაროს ღია ექსპერიმენტი და ძროხის ყვავილის ნაცხით აცრას 8 წლის ბიჭუნა. ყმაწვილის ორგანიზმმა ყვავილის ვირუსი მიიღო, თუმცა მას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია. 2 თვის თავზე, ჯენერმა უკვე ჩვეულებრივი ყვავილის ვირუსი შეიყვანა ყმაწვილის ორგანიზმში. ბიჭუნას ძროხის ყვავილის იმუნიტეტმა იმუშავა და სასიკვდილო სენი მისმა სხეულმა აღარ მიიღო. ორი წლის შემდეგ, ედუარდ ჯენერი უკვე სამეცნიერო ნაშრომს აქვეყნებს, რომელიც მისი 30-წლიანი დაკვირვების და შრომის გვირგვინი იყო. 1800 წლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდა ბრიტანეთის არმიასა და ფლოტში. მოგვიანებით ბრიტანული მაგალითი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გადაიღეს. აქედან გაჩნდა ტერმინი ვაქცინაცია, რადგან Vacca ლათინურად ძროხაა, Vaccinus ძროხისას ნიშნავს.მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაციის პროგრამებმა, ყვავილი მთლიანად მოსპო. 1977 წელს სომალიში დაფიქსირდა დაინფიცირების ბოლო შემთხვევა. ოფიციალურად, მისი შტამები მხოლოდ ორ ლაბორატორიაში ინახება. თუმცა აშშ-ს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყვავილის ვირუსი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ბიოლოგიური იარაღი.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ვაქცინაციის ისტორიიდან: XVIII საუკუნეში, დაკვირვებული ადამიანები დარწმუნდნენ, რომ იმ ფერმერების ნაწილი, ვინც ძროხებთან მუშაობდა, ნაკლებად ხდებოდა ყვავილის მსხვერპლი. აგრეთვე, ბრიტანელი კავალერისტებიც, ქვეითებთან შედარებით უფრო დაცულები ჩანდნენ. დაინტერესებულმა ხალხმა, ყურადღება იმასაც მიაქცია, რომ ძროხის ყვავილი CPXV, საქონელს აავადებდა და ხშირად მწველავ ქალებზე გადადიოდა, თუმცა მისი მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი იყო და სიკვდილიანობაც არ ჰქონდა. ამასთან, სენგადატანილი ადამიანები უკვე ჩვეულებრივი ყვავილის ვირუსის მიმართ იძენდნენ იმუნიტეტს. 1765 წელს, ლონდონის სამედიცინო საზოგადოებამ მოისმინა ორი მოხსენება, Robert Sutton და John Fewster, რომელთა მიხედვითაც ძროხის ყვავილით დაავადებული ადამიანი, ჩვეულებრივ ყვავილზე იმუნიტეტს იძენდა. თუმცა ბრიტანელმა ექიმებმა მათი დაკვირვებები არ გაითვალისწინეს და უბრალო დამთხვევაბათ ჩათვალეს. სუთთონების ოჯახმა [რობერტს სამი ვაჟი ყავდა] საკუთარი მეთოდიც შეიმუშავა Suttonian Method, ერთ-ერთმა სუთთონა ჯონმა, სამ წელიწადში 22000 პაციენტის ინოკულაცია მოახდინა, მათგან მხოლოდ სამი გარადაიცვალა.
1800 წელს პარიზში პირველი ღია აცრა განხორციელდა. 1803 წლისთვის, ნაპოლეონის პირადი ლობირებით, მის იმპერიაში ვაქციანაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს კი პრაქტიკულად ევროპის კონტინენტზე ამ მეთოდის გავრცელებას ნიშნავდა.