მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანდაცვის სამინისტროში ექიმის მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმის შესახებ არცერთი განაცხადი არ შესულა

ჯანდაცვის სამინისტროში ექიმის მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმის შესახებ არცერთი განაცხადი არ შესულა

თითქმის ერთი თვის განმავლობაში, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, ექიმის მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ ექიმისგან უარის წერილობითი დასაბუთება მოითხოვონ, უწყებაში მოქალაქეების მხრიდან მსგავსი მიმართვა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ jandacva.ge-ს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან აცნობეს.

შეგახსენებთ: 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მიმართა, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ და აღნიშნული დოკუმენტი, გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

სამინისტროს ინფორმაციით, პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ, რეგულირების სააგენტო შეისწავლის თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 16 აგვისტოს განცხადებაში.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …