მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » STOPCOVID-ლატარიის გათამაშება ხვალიდან დაიწყება – სად უნდა მოიძიოთ ინფორმაცია მოგების შესახებ

STOPCOVID-ლატარიის გათამაშება ხვალიდან დაიწყება – სად უნდა მოიძიოთ ინფორმაცია მოგების შესახებ

დღეიდან STOPCOVID ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს” გათამაშების საიტი https://stopcov.lotto.ge/ ამოქმედდა. ლატარია 13 სექტემბრიდან დაიწყება, პირველი გათამაშება კი 14 სექტემბერს გაიმართება. საბოლოო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს ჩატარადება, ხოლო ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება. ინფორმაციას საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, STOPCOVID ლატარია ,,აიცერი და მოიგე” იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით.
ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500 ლარამდე მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე. მოგების შესახებ ინფორმაციას მოქალაქე სმს-ის საშუალებით მიიღებს, მოგების გადამოწმება პირადი ნომრით, ლატარიის კომპანიის საიტზეც შესაძლებელია.
შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.
 STOPCOVID ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ ერთხელ მაინც ვაქცინირებული. გათამაშებების ბილეთი ვაქცინირებულის NCDC-ის მიერ ელექტრონულად მინიჭებული უნიკალური კოდია. ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიცხვების გენერატორის საშუალებით). შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთერთს და გამოავლენს გამარჯვებულს.
 პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ს ლატარიის ამოქმედებამდე,
2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს” ყველა გათამაშებაში.
 STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.
 რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.
1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის” სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე. 16 დან – 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით.
1000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.
 ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს” ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა.
 გათამაშებების შედეგების ნახვა შესაძლებელია Web გვერდზე – https://stopcov.lotto.ge/

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …