12-დან 15 წლამდე ასაკის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც თანხმლები დაავადება არ აქვთ და რისკ-ჯგუფში არ შედიან, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელი არ არის. ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, უკვე ერთი თვეა საქართველომ, პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღნიშნული ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვა, თუმცა საუბარია მხოლოდ იმ მოზარდებზე, რომლებსაც თანმხლები დაავადება აქვთ და კოვიდით დაინფიცირების შემთხვევაში ლეტალობის რისკები მაღალია.
როგორც პედიატრმა აღნიშნა, იმისთვის, რომ 12-15 წლის ასაკის ბავშვების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება. მანამდე კი მშობლებს, რომელთა შვილს რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, ურჩევს, მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც სპეციალურ განაცხადს შეავსებს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართვას მყისიერად განიხილავს. ამის შემდეგ ბავშვები „ფაიზერის“ ვაქცინას უპრობლემოდ, 2-3 დღეში მიიღებენ.
„ეს უნდა იყოს მშობლის ნება და ოჯახის ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ ბავშვს სჭირდება აცრა, რადგან კოვიდი მისთვის შეიძლება მომაკვდინებელი იყოს.
ერთი ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა,“- განაცხადა პედიატრმა.
თემურ მიქელაძის ინფორმაციით, მის პრაქტიკაში სამი ასეთი ბავშვი უკვე აიცრა და ამ პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიარა, ერთერთი მათგანი პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირდა, თუმცა დაავადება მსუბუქად გადაიტანა.
პედიატრის თქმით, მის პრაქტიკაში ათასობით კოვიდინფიცირებული ბავშვი იყო, თუმცა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი იყო და განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობა არ ჰქონიათ. ამიტომ, მიქელაძის განცხადებით, რისკის არმქონე ბავშვებისთვის იმუნიზაცია არაა საჭირო და უმჯობესია, ვაქცინები მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის გამოვიყენოთ,რომლებისთვისაც კორონავირუსით დაინფიცირება შესაძლოა ლეტალობით დასრულდეს.