ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი თამარ ჟამურიშვილი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რეგულაციების აღსრულების კუთხით მთავრობა სირბილეს და ადამიანების მიმართ ჰუმანურობას იჩენს, რაც არასწორია.
„ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი ამ რეგულაციების აღსრულებაზე და მთავრობა იჩენს სირბილეს, ჰუმანურობას ადამიანების მიმართ, თითქოს ისევ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სწორი, უნდა იყოს მკაცრი აღსრულება და თუ ეს ასე იქნება, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის შემთხვევების კვლება იქნება შეუქცევადი. ჩემი პირადი, მაგრამ მყარი აზრია, რომ ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა დაიკლებს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სადღეც სექტემბრის შუა რიცხვებიდან შევამსუბუქოთ შეზღუდვები, ოღონდ ჩემი პოზიცია იყო და რჩება, შევამსუბუქოთ შეზღუდვები, მაგრამ გავამკაცროთ იმ რეგულაციებზე აღსრულების კონტროლი, რომელიც რჩება, მხედველობაში მაქვს პირბადეების ტარება,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ განცხადების საპასუხოდ თამარ ჟამურიშვილმა ფეუსბუქზე დაწერა:
“გადაბრალების ჟამიც დამდგრა…
ერთადერთი კითხვა მაქვს, რატომ არ ითქვა ეს სიტყვები ივნისში?
რატომ დაუშვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები ქვეყანაში?
ის, რასაც მე-4 ტალღა გვიქადდა, წესით ყველა ექიმს უნდა სცოდნოდა წინასწარ (ნათლად ჩანს ჩვენს მიერ მოწერილ “ექიმების ღია წერილში”), რატომ დავუთმეთ ასპარეზი პოლიტიკას და რატომ გავდექით განზე?
ივნისში რეგულაციები რომ არ შემსუბუქებულიყო, მე-4 ტალღა სექტემბერში დაგვიდგებოდა, ისევე როგორც გერმანიაში და მანამდე უფრო მეტი აცრილიც გვეყოლებოდა…
მე-4 ტალღა მთავრდება, ეხლა რისთვის და ვისთვის ეს დაგვიანებული აღიარება?”