ინფექციონისტის, ინფექციურ სნეულებათა ცენტრის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელ მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც მიმართვიანობა გაზრდილია და ძირითადად თავსდებიან მძიმე პაციენტები, რომლებიც სასწრაფო დახმარებას შეჰყავს.
„როგორც ყველა კლინიკაში, მომართვიანობა ჩვენთანაც ძალიან დიდია. დამძიმდა კონტინგენტი, უმეტესად მძიმე პაციენტები შემოდიან. ჩვენს კლინიკაში პაციენტები ძირითადად სასწრაფოს შემოჰყავს. სასწრაფო არჩევს, რომ უნდა იყოს დაბალი სატურაციით, მას ნამდვილად უნდა სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია, რადგან აღარ არის დრო, მივიღოთ საშუალო სიმძიმის და მსუბუქი პაციენტები, თუნდაც საშუალო ჩივილებით. ამიტომ შერჩეულია მძიმე პაციენტები, შესაბამისად, ძალიან დამძიმებულია განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა. თითქმის უმეტესობა საინტუბაციო პაციენტია და წევს ჩვეულებრივ პალატაში“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, მაია ზალდასტანიშვილის განმარტებით, პაციენტის გაწერიდან რამდენიმე საათში უკვე ახალ პაციენტს იღებენ და შესაბამისად, მალევე ადგილები ივსება.
„აქამდე, პირველ ტალღის დროს თუ ხანდაზმულების მომართვიანობა იყო, ახლა შეიცვალა სიტუაცია და მოგვმართავს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში. ეს უკავშირდება დელტა შტამს და რაც მეტი იქნება რაოდენობა, მეტი იქნება მძიმე პაციენტიც. ამიტომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ ტრაფარეტული თხოვნით, რომ ნიღბებს ნუ მოიხსნიან, ნუ ექნებათ დახურულ და ღია სივრცეში თავშეყრა, ისევ და ისევ ვაქცინაცია და ვაქცინაცია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ზალდასტანიშვილმა.