60 კოვიდინფიცირებული ორსულიდან, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, 15 არის კრიტიკულ მდგომარეობაში – ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახლა ჯამში ჰოსპიტლებში 100-მდე კოვიდინფიცირებული ორსული იმყოფება.
მისივე განცხადებით, დელტა შტამი ორსულების მიმართ განსაკუთრებით აგრესიულია, დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს აუცრელ ოირსულებში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ვადაზე ადრე მშობიარობა ან საკეისრო კვეთა, თუმცა, რეანიმატოლოგის თქმით, დიდი რისკია დროული მშობიარობის დროსაც, რადგან მშობიარობა იმუნური კასკადის ჩამრთველი აქტია. კალოიანის შეფასებით, საქართველოში ასეთი სიტუაციების მართვის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის, მართალია, გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც, მაგრამ ბევრია გარდაცვლილი ორსულების რაოდენობა.
ამიტომ, მედიკოსის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირება ჰოსპიტალურ სექტორში და იმ საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, რაც დაგროვილი აქვს კაცობრიობას.
„ყველა გზა, ყველა კომუნიკაცია უნდა იქნეს გამოყენებული ამ მდგომარეობის მართვის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის,“- აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
ამასთან, მან განმარტა, რომ ექიმებს აქვთ ვალდებულება, პაციენტებს შესთავაზონ ის, რის უსაფრთხოებაში და ეფექტიანობაში, ფაქტებიდან და კვლევებიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი არიან, ასეთი კი, მისი თქმით, ვაქცინაციაა.
„ესაა ერთადერთი გზა ჩვენი შვილების, მეუღლეების გადასარჩენად, სხვა გზა ამასთან მიმართებაში არ არსებობს. ერთადერთი გზა, რითიც გარანტირებულ ვართ, რომ თქვენი ოჯახის წევრები, გოგონები და ქალბატონები გადარჩებიან – ესაა ვაქცინაცია. ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, ესაა ფაქტებზე, კვლევებზე და მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრება,“ – განაცხადა ვახტან კალოიანმა.
მისი თქმით, ვაქცინირებულ ორსულებში კოვიდით გარდაცვალების რისკები 10-12-ჯერ მცირდება აუცრელ ორსულებთან შედარებით, და ესაა ყველაზე დიდი არგუმენტი ორსულებისთვის, რომ ისინი აიცრან რაც შეიძლება სწრაფად, რათა გადარჩნენ სიცოცხლეები.
მედიკოსის განცხადებით, უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ აცრილ ადამიანებში ინფიცირების რისკი 8-ჯერ მცირდება, 15-ჯერ ნაკლებია დამძიმების ალბათობა და 25-ჯერ – გარდაცვალების საფრთხე.
„აქ საუბარი არაა არც ეპიდემიის გავრცელებაზე, არც პოლიტიკაზე, არც არჩევნებზე. ვაქცინას აქვს სოციალური მნიშვნელობა, მაგრამ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი საშუალება. ეს არის მისი ყველაზე დიდი ღირებულება,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდით ორსულის გარდაცვალების 10-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ორსულთა ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.