ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 20-მდე პაციენტი მკურნალობს.
როგორც კოვიდდეპარტამენტის კურატორი, მერაბ ჩიქოვანი აღნიშნავს, კოვიდდეპარტამენტში მეტწილად ხანშიშესული პაციენტები იმყოფებიან, საშუალო სიმძიმის, თანმხლები პათოლოგიებით.
„კოვიდდეპარტამენტი მოწყობილია ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრის ბაზაზე. ამ წუთში, მკურნალობას აგრძელებს 20 პაციენტი, მეტწილად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, ჟანგბადდამოკიდებულები. შევეცდებით, უახლოეს მომავალში საწოლფონდი გავზარდოთ 200-მდე. მეტწილად ხანშიშესული პაციენტები არიან, ძირითადად საშუალო სიმძიმის, თანმხლები პათოლოგიებით“, – აღნიშნავს ჩიქოვანი.
88 პაციენტია შეყვანილი დიღმის საველე ჰოსპიტალში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა რეგიონების მასშტაბით მიმდინარეობს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.
პირველი საველე კოვიდჰოსპიტალი თბილისში 16 აგვისტოს მოეწყო, მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჰოსპიტალური სექტორი შეძლებდა კოვიდპაციენტების მართვას და საველე სივრცეების გამოყენება საჭირო არ გახდებოდა და ეს უკიდურესი ზომა იქნებოდა, თუმცა საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები 19 აგვისტოდან გამოჩნდნენ.