ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მარტიდან 17 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული.
“საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რეანიმაციაში მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო 1%-მდე, ორჯერ ვაქცინირებული 0.3%“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. შესაბამისად, რეანიმაციაში მოხვედრილი, ორჯერ ვაქცინირებულების რაოდენობა 10-მდეა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, რეანიმაციაში მყოფებს შორის ორჯერ ვაქცინირებული პაციენტი არ არის. სრულად იმუნიზებული ადამიანის გარდაცვალების შემთხვევები კი არ დადასტურებულა.
მისი თქმით, ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმაციაში მოხვედრის ერთეული შემთხვევებია.
“ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენ ვაქცინაცია ჩავიტაროთ“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.