დაზუსტდა ვადები და პირობები, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეწყდა.
შესაბამისიცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შევიდა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, “COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2021 წლის 27 ივლისიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართი 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2021 წლის 27 ივლისამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.“
კოვიდპანდემიის გამო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება გასულ პერიოდში ორჯერ იყო შეჩერებული.
კერძოდ, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე, მანამდე კი, 2020 წლის მარტიდან, 4 თვის განმავლობაში. გამონაკლისები იყო სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებები. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზეც ანალოგიური გამონაკლისები იმოქმედებს. როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე ჯერჯერობით არ იძებნება.