მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მძიმე ეპიდსიტუაციის გამო დღეს, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო დღეს, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს

მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ.

პრემიერმინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ შეხვედრა 9 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.

„წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება.

“ შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორი მართავს.

„ამჟამად სიტუაციას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება და მართავს. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება. სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს და შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სექტორისთვის მუშაობა, გვინდა, რომ გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები გავხადოთ ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი საქართველო მსოფლიოსთან ერთად ძალიან რთული გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ ექიმებისთვის. ეს არის საკაცობრიო გამოწვევა და ყველანი ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, „კოვიდ-19“-ს.

ჯანდაცვის მინისტრმა არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი მძიმე ვითარებაშია.

„მაშინ, როდესაც 30-ობით ოჯახი დღეს კარგავს თავის დედას, მამას, დას, ძმას, შვილს, არ შეიძლება, რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ, იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს, რომ ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები  რეკომენდაციებად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …