მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ვალდებულია თუ არა სახელმწიფო ან სადაზღვევო კომპანია, პოსტკოვიდური და „აცრისთვის მოსამზადებელი“ ანალიზები  დაგიფინანსონ

ვალდებულია თუ არა სახელმწიფო ან სადაზღვევო კომპანია, პოსტკოვიდური და „აცრისთვის მოსამზადებელი“ ანალიზები  დაგიფინანსონ

კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ანალიზების ჩატარებას სახელმწიფო ცალკე პროგრამით არ აფინანსებს. თითოეულ ასეთ მოქალაქეს, თუ ის კერძო დაზღვევით სარგებლობს, მსგავსი ანალიზების გაკეთება შესაბამისი ჩვენების საფუძველზე, ოჯახის ექიმის მიმართვით შეუძლია. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანებს, ისინი, ასევე ოჯახის ექიმის მიმართვის საშუალებით, მათთვის გათვალისწინებული ლიმიტებით შეძლებენ ამბულატორიული მომსახურების მიღებას.

ამ განმარტების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას მოუხდა. ჟურნალისტმა მას მოუყვანა ერთერთი კოვიდგადატანილი პაციენტის მაგალითი, რომელიც აცრის ჩატარებას გეგმავს და ანალიზების გაკეთება ვაქცინაციისთვის მოსამზადებლადაც სურს. თუმცა ოჯახის ექიმმა ეს მიმართვა არ გასცა იმ მოტივით, რომ მსგავსი მიმართვების გამოწერა შეზღუდულია.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ამ კონკრეტულ შემთხევაში რამდენად იყო ამ ანალიზების გაკეთების საჭიროება და რამდენად სწორად მოიქცა ოჯახის ექიმი. მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მოქალაქეს კერძო დაზღვევა, კოვიდის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, მათ შორის რამდენიმე საჭირო ანალიზის გაკეთებას, ოჯახის ექიმის მიმართვით.

რაც შეეხება პოსტკოვიდურ ანალიზებს, გაბუნიას თქმით,  ბაზისური გამოკვლევები, რომელთა გაკეთება რეკომენდებულია კოვიდის გადატანის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა ლიმიტებით ფინანსდება ფინანსდება. კერძო დაზღვევის შემთხვევაში კი კომპანიის მიერ დადგენილი ფასი მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აცრის წინა კვლევებს არ აფინანსებს, რადგან, არსებული გაიდლაინებით, მსგავსი კვლევების ჩატარება არ არის არც აუცილებელი და არც რეკომენდებული. თუ კვლევების ჩატარება მხოლოდ პაციენტის სურვილია, მას შეუძლია ეს ანალიზები საკუთარი თანხებით ჩაიტაროს – სხვადასხვა კლინიკაში ამ კვლევებზე ცალკე შეთავაზებები და აქციებიც მოქმედებს.

სადაზღვევო კომპანიებშიც აცხადებენ, რომ პოსტკოვიდური ანალიზების გაკეთების, ისევე როგორც ნებისმიერი ამბულატორიული მომსახურების გაწევის, საფუძველი მხოლოდ შესაბამისი ჩვენება და ოჯახის ექიმის მიმართვაა, დაფარვა კი კონკრეტული  პაკეტით გათვალისწინებული პირობებით, ამბულატორიული მომსახურების ტარიფების შესაბამისად ხდება.

რაც შეეხება ე.წ. ვაქცინაციისწინა ანალიზებს, კომპანიებში, მაგალითად „ირაოსა“ და „ჯიპიაიში“ განმარტავენ, რომ ასეთი ანალიზები არ ფინანსდება.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …