დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული.
„თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას არ გამორიცხავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მკაცრი აღსრულება, ასევე შესრულდეს რეკომენდაცია, რომ 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში ადამიანებმა ატარონ პირბადე. თუმცა, მისივე თქმით, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებების დაწესების ინიციატივით, რადგან, გამყრელიძის თქმით, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. მისი განცხადებით, უნდა მოხდეს ყველანაირი ტიპის შეკრებების აკრძალვის აღსრულება.
გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე შევიდა წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრილები ან ის ადამიანები, რომლებიც პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხებს წარმოადგენენ. “თუ ეს ყველაფერი არ იქნა აღსრულებული, იქნება წინადადებები ქვეყანაში სერიოზული შეზღუდვების შესახებ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საბჭო იფარგლება მოწოდებებით, სპეციალისტები დააკვირდებიან ერთი კვირის სიტუაციას და თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, დღის წესრიგში სხვა ღონისძიებების გატარაბა დადგება.
შეგახსენებთ, რომ გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 5 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.